სადღესასწაულო პერიოდში საახალწლო ფილმების წარმოება მოგებიანი ვარიანტია, რადგან როგორც წესი, ისინი საოჯახო ან საბავშვო ხასიათისაა და იმ სეგმენტზეა გათვლილი, რომლებიც ერთხელ ნანახ ფილმებს კიდევ არაერთხელ უბრუნდებიან. საახალწლო ფილმები ძირითადად ხასიათდება იმით, რომ ისინი მაყურებელს აძლევენ იმ განსაკუთრებულ სითბოს, რომელიც დაკავშირებულია ოჯახის, მეგობრების და სიყვარულის თემებთან, რის გამოც ისინი განსაკუთრებულ განწყობაზე გვაყენებენ და არ გვბეზრდება. გასაგებია ისიც, რომ მსგავსი ფილმები, რომლებსაც ხშირად ვუყურებთ საკმაოდ დიდ თანხებსაც გამოიმუშავებენ. რეიტინგში სწორედ ასეთ საახალწლო ფილმებს გაგაცნობთ, რომლებმაც ისტორიულად ყველაზე დიდი თანხები გამოიმუშავეს:
5. საშობაო ზღაპარი - $325 მილიონი
ჩარლზ დიკენსის უკვდავი კლასიკის თანამედროვე ეკრანიზაცია. ფილმმა დაახლოებით 325 მილიონი დოლარი მოაგროვა, მიუხედავად საკმაოდ მაღალი, 175-მილიონიანი ბიუჯეტისა. ჯიმ ქერის მონაწილეობამ და 3D ტექნოლოგიების გამოყენებამ პროექტს დამატებითი პოპულარობა მოუტანა. სკრუჯის ისტორია სინანულზე, გამოსყიდვასა და მეორე შანსზე ყოველ ეპოქაში აქტუალურია, რაც ფილმს არა მხოლოდ საშობაო, არამედ ზოგადად ჰუმანურ კინოდ აქცევს
4. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა - $345 მილიონი
1957 წელს საბავშვო მწერალმა თეოდორ სუსმა შექმნა შედევრი პერსონაჟ გრინჩის სახით, რომელიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და მწერლის გარდაცვალების შემდეგაც ბესტსელერია. 2000 წელს კი რონ ჰოვარდმა ამ მწვანე არსებასთან დაკავშირებით ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსი ჯიმ ქერი ასრულებს. გრინჩი არის ჰუმანოიდური მწვანე არსება, რომელსაც განზრახული აქვს ქალაქ ჰუვილის მოსახლეობას შობა მოპაროს, თუმცა ის გაიცნობს პატარა გოგო სინდი ლუს, რომელიც მას აუხსნის შობის ღამის რეალურ მნიშვნელობას და გრინჩის გულიც სამჯერ უფრო დიდი ზომის გახდება. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური საშობაო ფენტეზი, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.
3. მარტო სახლში 2: ნიუ იორკში დაკარგული - $359 მილიონი
პირველი ფილმის მსგავსად მეორე ნაწილშიც ლეგენდარული კევინ მაკკალისტერის ოჯახი და თავად კევინი სხვადასხვა თვითმფრინავში ჩასხდებიან და კვლავ დაიკარგებიან. ნიუ-იორკში ჩასულ კევინს ძველი ნაცნობები ე.წ. სველი ბანდიტები დახვდებიან. ფილმი გააკრიტიკეს ზედმეტად ბრუტალური მახეების გამო, რადგან ბავშვისთვის წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის ხაფანგები დაეგო, რასაც მსახიობ ჯო პეშის თავზე დამწვრობაც კი მოჰყვა. ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში მაკალისტერი პლაზა სასტუმროში ბინავდება, რომელიც დონალდ ტრამპის საკუთრებაა და ამ ლოკაციაზე გადაღების სანაცვლოდ ტრამპმა რეჟისორს სთხოვა კამეო როლი მიეცა, რაზეც კრის კოლომბუსი დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ნაწილისგან განსხვავებით, სადაც მაკალაი კალკინმა 110 ათასი დოლარი მიიღო, ამჯერად მისმა ჰონორარმა 4,5 მილიონი მიიღო პლუს 5% ფილმის შემოსავლიდან.
2. მარტო სახლში - $467 მილიონი
ალბათ უმრავლესობისთვის "მარტო სახლში"-ს პირველი ნაწილი პირდაპირ კავშირშია ახალ წელთან, თავისი საშობაო განწყობისა და ზეკრეატიული სცენარიდან გამომდინარე. „მარტო სახლში“ თავდაპირველად Warner bros-ის მიერ იწარმოებოდა, როდესაც კომპანია 20th Century Fox-ის დისტრიბუტორი გახდა, ფილმის ბიუჯეტი 14-დან 17 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. გამოსვლისთანავე მხოლოდ აშშ-ში თითქმის 68 მილიონი ბილეთი გაიყიდა, რითაც კინო საბოლოო ჯამში თავისი შემოსავლებით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე შემოსავლიანი მოქმედებითი კომედია, თუმცა ეს რეკორდი 2011 წელს "ჰენგოვერის" მეორე ნაწილმა მოხსნა. ახლახან ფილმში გამოყენებული 836 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი აუქციონზე 5,25 მილიონ დოლარად გაიყიდა და ამით მყიდველმა ერთ-ერთი ლეგენდარული ლოტი მიიღო, კინოს ისტორიიდან.
1. გრინჩი - $539 მილიონი
სიაში მეორედ ვხვდებით გრინჩის პერსონაჟს უბრალოდ ამჯერად მულტიპლიკაციური სახით. 2013 წელს ერთ-ერთმა წარმატებულმა კინოკომპანია Illumination-მა ფილმის პოპულარობიდან გამომდინარე გადაწყვიტა 3D მულტფილმი შეექმნა. კომპანიამ მულტფილმის რეკლამისთვის 80 მილიონი დოლარი დახარჯა და მის თრეილერს ვხვდებოდით სხვადასხვა ღონისძიებებზე. მსოფლიო მასშტაბით მისი პრომოუშენი 121 მილიონი დაჯდა, ამან კი შედეგი გამოიღო, რადგან მულტფილმი 2018 წელს შემოსავლებით მხოლოდ იურული სამყაროს ფილმს ჩამორჩა. შეიძლება ითქვას, რომ გრინჩის გაცოცხლებულმა ისტორიამ ბავშვების სულ ახალ თაობას ხელახლა გააცნო ეს განსაკუთრებული პერსონაჟი, ამასთან გარდა კინოგაქირავებისა, გრინჩი უზარმაზარ კომერციულ ბრენდად გადაიქცა სათამაშოები, ტანსაცმელი, საახალწლო დეკორაციები და რეკლამები ფილმის შემოსავლებს დღემდე მნიშვნელოვნად ზრდის.




























