მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნების რეიტინგი

რეიტინგი

ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მხატვრული ლიტერატურის რეიტინგის შედგენა მარტივი სულაც არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე წაკითხვადი წიგნები ციფრული ეპოქის განვითარებამდე გაცილებით ადრე დაიწერა, გამოიცა და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ენაზე ითარგმნა. შესაბამისად, რომელი წიგნის რამდენი ეგზემპლარია გაყიდული, ამის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია.

ამის მიუხედავად, რამდენიმე სანდო წყაროსა და გამომცემლობების მიერ ნაწარმოებ არქივებზე დაყრდნობით, რეალურ მონაცემებთან მიახლოებული რეიტინგის შედგენა შესაძლებელია.

ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მხატვრული ლიტერატურის TOP-10 ასე გამოიყურება:

10. და ვინჩის კოდი - დენ ბრაუნი

2003 წელს გამოსული “და ვინჩის კოდი” პოპკულტურის ფენომენად ძალიან მალე აღიარეს და, შინაარსის გამო, მწვავე კრიტიკის გარეშეც არ დარჩენილა. თუმცა წიგნის კომერციული წარმატება შეუფასებელია: მსოფლიოში დღემდე “და ვინჩის კოდის” 80 მილიონამდე ეგზემპლარია გაყიდული.

9. She - თავგადასავლის ისტორია - ჰ. რაიდერ ჰაგარდი

მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანული ლიტერატურის შედევრი, რომელიც ფენტეზის ჟანრში ერთ-ერთ მთავარ ნოველად განიხილება. მაგიური რეალობისა და მისტიციზმის შერწყმამ წიგნს 83 მილიონი გაყიდვა მოუტანა.

8. ლომი, კუდიანი და გარდერობი - კლაივ სტეპლზ ლუისი

“ნარნიის ქრონიკების” პირველი წიგნი, რომელიც 1950 წელს გამოიცა და დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა მკითხველში. წიგნს კომერციული მოგება ამავე სახელწოდების ეკრანიზაციამაც მოუტანა, რის გამოც დღეს მსოფლიოში “ლომი, კუდიანი და გარდერობი”-ს 85 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.


7. ჰობიტი - ჯ.რ.რ. ტოლკინი

ვიდრე “ბეჭდების მბრძანებელი” საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებდა, მისმა ავტორმა საბავშვო წიგნი ჰობიტი ბილბო ბეგინსის შესახებ 1937 წელს დაწერა. შემდგომ გამოცემებში ტოლკინმა სიუჟეტს მნიშვნელოვანი დეტალები შემატა, რითაც “ჰობიტმა” დამსახურებულად დაიკავა რეიტინგში მე-7 ადგილი, 100 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით.


6. სიზმარი წითელ კოშკში - ცაო სიუეცინი

“სიზმარი წითელ კოშკში” ჩინური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნოველაა, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში გამოიცა და ძიას ოჯახის ორი შტოს დაცემის შესახებ გვიყვება. წიგნი ჩინური ცენზურის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა და სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით აიკრძალა კიდეც მისი რეალიზება. “სიზმარი წითელ კოშკი” 100 მილიონი ეგზემპლარით რეიტინგის მე-6 ადგილს იკავებს.


5. და აღარავინ დარჩა - აგათა კრისტი

აგათა კრისტის 66 დეტექტივიდან “და აღარავინ დარჩა” სამართლიანად არის შეფასებული, როგორც ავტორის საუკეთესო ნოველა და იგი არა მხოლოდ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნი, არამედ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი დეტექტიური ნაწარმოებია. დღეის მონაცემებით, “და აღარავინ დარჩას” 100 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.


4. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა - ჯოან როულინგი

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ჯადოქრის შესახებ როულინგმა 7 წიგნი დაწერა, თუმცა პირველი, ყველაზე მოკლე ნაწილი, განსაკუთრებული მაგიურობითაც გამოირჩევა და დღემდე აქტუალობას არ კარგავს. 1997 წლიდან დღემდე “ჰარი პოტერის” პირველი წიგნის 120 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.

3. პატარა პრინცი - ანტუან დე სანტ ეგზიუპერი

ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი, რომელიც, ერთი შეხედვით, პატარა პრინცის მოგზაურობაზე გვიყვება, თუმცა ნაწარმოების დიდი ნაწილი რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული, რასაც ავტორი დედამიწაზე ჩამოვარდნილი პრინცის პირით ყვება. ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე 140 მილიონი ეგზემპლარით, ყველაზე გაყიდვადი წიგნების TOP 3-შია.


2. ორი ქალაქის ამბავი - ჩარლზ დიკენსი

დიკენსის ყველაზე ცნობილი ისტორიული ნოველა 1859 წლეს გამოიცა და აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. წიგნი ფრანგული რევოლუციის დროინდელ პარიზსა და ლონდონში გვამოგზაურებს და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელ კლასობრივ უთანასწორობაზე გვიყვება. “ორი ქალაქის ამბავი”-ს 200 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.


1. დონ კიხოტი - მიგელ დე სერვანტესი

მეჩვიდმეტე საუკუნეში ორ ტომად გამოსული ეპიკური ტრაგიკომედია მკითხველში პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს და რეიტინგის პირველ ადგილსაც იკავებს. “დონ კიხოტის” რაინდულმა სულისკვეთებამ და ქარის წისქვილებთან ბრძოლამ წიგნს 500 მილიონზე მეტი გაყიდვა მოუტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები