კაპიტალის ბაზრის ექსპერტის, მარინა გულედანის განცხადებით, საქართველოში ე.წ რუსული კანონის მიღება და მასთან დაკავშირებული მოვლენები საბოლოოდ ქვეყანაში ფინანსურ რესურსს გააძვირებს.
როგორც გულედანმა BMG-ის განუცხადა, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის დასავლეთის მხრიდან მმართველი გუნდის წევრების მიმართ მოსალოდნელი სანქციები, საქართველოს, როგორც ქვეყნის რისკს ზრდის, რაც საბოლოოდ საკრედიტო რესურსის გაძვირებაში აისახება.
მისივე თქმით, თუკი ქვეყანაში პროცესები დღეს არსებული ტრაექტორიით გაგრძელდება, მომდევნო პერიოდში ისეთ ეკონომიკურ შედეგებსაც უნდა ველოდეთ, როგორიცაა ქვეყნიდან კაპიტალის გადინება.
„ქვეყნისთვის ერთ-ერთ რისკს პოლიტიკური რისკი წარმოადგენს, რაც ბოლო მოვლენების გამო ძალიან გაზრდილია და ამის გამო ქვეყანაში შემოდინებული სახსრები უფრო ძვირი გახდება. ეს ინდივიდები, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ჩვენი არჩეულები არიან, ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ და მათი დასანქცირება, მით უმეტეს ფინანსურად, უმძიმესი სიგნალია საერთაშორისო ბაზარზე და ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება ეკონომიკაში. ფულის ფასი აუცილებლად შეიცვლება, რადგან შეიცვლება ის პირობები, რომლითაც ზოგადად ქვეყანას შეეძლება ღია ბაზარზე ისესხოს სახსრები. კომერციულ ბანკებს გაეზრდებათ ხარჯები, რა ფასშიც შეიძლება ფული ისესხონ. ვინ იწვნევს მერე ამას? ისევ ის მოქალაქე, რომელიც ბანკში მიდის და სესხით უნდა უძრავი ქონება იყიდოს ან დააფინანსოს რაიმე. ჩვეულებრივი მოქალაქეები დაზარალდებიან. ყველა ეკონომიკურ აგენტს, ბიზნესს და მოქალაქეებსაც გაუძვირდებათ საკრედიტო რესურსი“, - განაცხადა მარინა გულედანმა.