მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალჩინოსნების დასანქცირებას დიდი რეპუტაციული ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის - მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტის, მარინა გულედანის შეფასებით, მაგნიტსკის სიაში საქართველოს მმართველი პირების შეყვანით ქვეყანას დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგება. როგორც მან გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ სტუმრობისას განაცხადა, ეს არის ქვეყნისთვის „შავი ლაქა“, ვინაიდან რისკის წინაშე დგება მთლიანად საქართველოს საბანკო სისტემაც.

„მაგნიტსკის სიაში მოხვედრა, ერთი მხრივ, დარტყმაა დასანქცირებული პირებისთვის, რომლებიც რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ, განსაკუთრებით როცა საქმე შს მინისტრს ეხება, მეორე მხრივ კი, ეს არის სიგნალი თავად ქვეყანასთან დაკავშირებითაც, ვინაიდან დასანქცირებული ადამიანი ქვეყნის მმართველობაშია ჩართული. ამიტომ მაგნიტსკის სიას დიდი რეპუტაციული ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის, ეს არ არის მხოლოდ ამ პირების სადამსჯელო ზომა, არამედ ეს არის პრაქტიკულად შავი ლაქა ქვეყნისთვისაც. ამიტომ ამ სანქციის შედეგი თავად ქვეყანაზე და ქვეყნის ფინანსურ სისტემაზეცაა, ვინაიდან ხდება აქტივების გაყინვა და ტრანზაქციების შეჩერება ამ პირებისთვის. ის საბანკო სისტემა, რომელშიც პოტენციურად ამ პირებმა, ვინც სიაშია, შეიძლება გარიგებები განახორციელონ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რისკის დონე იწევს მაღლა და ეს რისკი მთლიან საბანკო სისტემაზე ვრცელდება“, - განაცხადა მარინა გულედანმა.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ახლა „ჭკუა იხმარა“ და საჯაროდ არ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ დასანქცირებული პირები ხელფასების აღებას მაინც გააგრძელებენ, როგორც ეს წინა შემთხვევების დროს გააკეთა. სამაგიეროდ კი, გულედანის თქმით, „ოცნების" ხელისუფლებამ დასანქცირებული მინისტრი გომელაური ვიცეპრემიერად დანიშნა და მისი ღირსების ორდენზე წარდგენა გადაწყვიტა, რითიც დაამშვიდა „სხვებიც, რომ თუ დანსაქცირდებით, ჩვენ მოგხედავთო“.

„თუ გავიხსენებთ ეროვნულმა ბანკმა ერთხელ ბრძანების სახით ფარცხალაძის დასანქცირების, ხოლო შემდეგ მაგნიტსკის სიაში რამდენიმე ადამიანის პირველად შეყვანის დროს ვერბალურად დააფიქსირა, რომ ეს ადამიანები მაინც გააგრძელებენ ხელფასების მიღებას, ეს კი მთლიანად საბანკო სისტემას აყენებს რისკის ქვეშ. ნებისმიერ საერთაშორისო დიდ საბანკო მოთამაშეს, რომელთანაც ინტეგრირებული ვართ, შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ შენ ეს სანქციები შეიძლება არ დაიცვა, განსაკუთრებით თუ შენი ეროვნული ბანკი გეუბნება, რომ სანამ ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილება არ გექნება, არ უნდა დაიცვა სანქცია. ამჯერად კი, ეროვნულ ბანკს არ გაუკეთებია არანაირი განცხადება. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა ჭკუა იხმარა და მიხვდა, რომ არ არის საჭირო ასეთი განცხადება“, - განაცხადა მარინა გულედანმა.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ფინანსური სანქციები დაუწესა. გომელაური ხაზინის სანქციების სიაში გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში შეიყვანეს, რაც შსს-ს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებას უკავშირდებოდა. 19 დეკემბერსვე ფინანსური სანქციები დაუწესდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძესაც.

ფინანსური სანქციები დააწესა დიდმა ბრიტანეთმაც, გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები