თურქეთში თხილის მოსავლის რაოდენობა და საქართველოს, როგორც თხილის ექსპორტიორი ქვეყნის პოზიციონირება - ეს არის ის ორი ძირითადი ფაქტორი, რაც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მერაბ ჭითანავას განმარტებით, ქართული თხილის ფასს განსაზღვრავს, როგორც - ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.
კერძოდ, თუ თურქეთში დაბალია მოსავლიანობა, ქართულ თხილზე მოთხოვნა და შესაბამისად, ფასი იზრდება და ასევე, როცა ექსპორტიორები თხილის ექსპორტს შუამავლების გარეშე ახორციელებენ და ღირებულებათა სრულ ჯაჭვს ქმნიან, ესეც ფასზე დადებითად მოქმედებს.
თხილის ფასის განმსაზღვრელ ძირითად კომპონენტებზე, წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელსა და ფასზე მერაბ ჭითანავამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
„წლევანდელი მოსავალი დამაიმედებლად გამოიყურება. ვფიქრობ, წელს, მინიმუმ 10%-ით მეტ მოსავალს მივიღებთ, ვიდრე შარშან - დაახლოებით, 50 000 ტონას მივუახლოვდებით, შარშან 45 000 ტონამდე იყო. ყველა რეგიონში თანმიმდევრულად კარგი მოსავალი არაა, მაგრამ ძირითად რეგიონებში - სამეგრელოსა და კახეთში ნორმალური სიტუაციაა“, - თქვა მერაბ ჭითანავამ.
რაც შეეხება თხილის ფასს, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მაქსიმალურად თავი შეიკავა კონკრეტული რიცხვების დასახელებისგან, მაგრამ ფასის განმსაზღვრელი კომპონენტების აღწერით მიანიშნა, რომ წელს თხილის ფასი „თანმიმდევრულად გაიზრდება“ და შარშანდელზე მაღალი იქნება.
„თხილის ფასის ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს, როგორი მოსავალია თურქეთში - თუ იქ დიდია მოსავალი, თხილის გლობალური ბაზარი მშვიდადაა და ფასებიც შედარებით დაბალია. 2024 წელს, თურქეთში, თხილის მოსავალი 700 000 ტონას აღემატებოდა; დღეს კი, თვითონ თურქი ექსპორტიორების მხრიდან სპეკულაციაა ამ თემაზე - სხვადასხვა ინფორმაცია გამოდის, მაგრამ თავად თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, დაახლოებით, 500 000 ტონაზე მეტი არ იქნება, რაც ბუნებრივია, თხილის ფასზე აისახება - შესაბამისად, წელს უკეთეს ფასს უნდა ველოდოთ.
შემდეგი ინდიკატორი, რაც ფასზე გავლენას ახდენს, თავად საქართველოს, როგორც თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნის პოზიციონირებაა ევროპის და მსოფლიო ბაზარზე. კერძოდ, თუ ქართველი ექსპორტიორი პროდუქციას შუამავლების მეშვეობით ყიდის იტალიის და გერმანიის ბაზრებზე, შემდეგ კი, შუამავლები გადაამუშავებენ და ყიდიან დანარჩენი ევროპის ბაზრებზე, ფასები არის ნაკლები. როგორია ტენდენცია? - აღსანიშნავია, რომ ძალიან სწრაფად გავდივართ ახალ ბაზრებზე. ექსპორტის მიმართულებით რამდენიმე ახალი საწარმო დაწინაურდა, რომლებმაც აწარმოეს საბოლოო პროდუქტი - მოხალული თხილი, თხილის პასტა, გრანულები; სულ უფრო მეტი კომპანია იღებს მაღალი დონის სერტიფიცირებას და შესაბამისად, ისინი გადიან საბოლოო კლინეტთან, რაც ზრდის ერთეულის [თხილის] ფასს“, - განმარტა მერაბ ჭითანავამ და ფასის განმსაზღვრელ ფაქტორებს დაამატა პროდუქციის ხარისხი და სტაბილური მიწოდების მნიშვნელობა.
„გასულ წლებში ქარხნებს ძალიან ცუდი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა ნელ-ნელა დასტაბილურდა და გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც ვალდებულებებს კარგად ასრულებენ. შესაბამისად, [ევროპელი] კლიენტი, რომელიც პროდუქციის 80%-ს ყიდულობდა თურქეთიდან და მხოლოდ 20%-ზე წერტილოვან შესყიდვებს ახორციელებდა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ცდილობს, თავისი თავისი პორტფელი ჰქონდეს საქართველოში. ვფიქრობ, წელს უფრო თამამად განახორციელებენ შესყიდვებს ევროპელები, რაც ბუნებრივია, ზრდის ჩვენი თხილის ფასს“, - თქვა მერაბ ჭითანავამ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, დღესდღეობით, სველი/ტენიანი თხილი ბაზარზე 3-4 ლარად იყიდება, რაც მინიმუმ 1 ლარით მეტია შარშან, ანალოგიურ პერიოდში არსებული ფასისგან.
„თურქეთში, თხილის წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო რაოდენობიდან გამომდინარე, ყველა ცალსახად ხვდება, რომ სეზონზე თხილის ფასი თანმიმდევრულად გაიზრდება. ბუნებრივია, წინასწარ არავინ იცის, რა ფასი ექნება თხილს, მაგრამ ყველა მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ დეკემბერ-იანვარში ფასი აიწევს. შესაბამისად, ვფიქრობთ, ის, ფერმერები, ვინც წამლობებს დროულად ჩაატარებენ, ექნებათ ხარისხიანი მოსავალი, თხილის რეალიზაციისგან ძალიან კარგ შემოსავალს მიიღებენ“, - განაცხადა მერაბ ჭითანავამ.
ცნობისთვის: წელს, 6 თვეში თხილის ექსპორტი თითქმის 54%-ით 53 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ქართული თხილისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც წელს თხილის ექსპორტი 30.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ფასს, საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში, ჯამში 7.1 მლნ ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც ნიშნავს, რომ საშუალო ფასი 1 კგ თხილზე დაახლოებით 7 დოლარი იყო, რაც შარშანდელ საშუალო მაჩვენებელს - 6.6 დოლარს აღემატება.




























