ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გზების მოვლა-შენახვის სახელმწიფო კომპანიის შექმნასთან დაკავშირებით კერძო სექტორის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას აბსოლუტურად უსაფუძვლოს უწოდებს. ამის შესახებ მინისტრმა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არასწორი იყო შეფასებები, თითქოს სახელმწიფო ახალი კომპანიის შექმნით კერძო ბიზნესის კონკურენტს აყალიბებს.
bm.ge-ს დამაზუსტებელ კითხვაზე, მოისმინეს თუ არა ბიზნესის მხრიდან შენიშვნები კონკურენციასთან დაკავშირებით, რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ კრიტიკა უსაფუძვლო იყო:
„ამ შემთხვევაში შენიშვნები არ ყოფილა, თუმცა მე ვისარგებლე ამ შესაძლებლობით და ჩემი მოსაზრებები გავაცანი ბიზნესს მათი მხრიდან, ჩემი აზრით, არასწორ შეფასებებთან დაკავშირებით.
არასწორი იყო შეფასებები, როდესაც იყო საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ბიზნესის კონკურენტს ქმნის და ასე შემდეგ. ეს ყველა შეფასება, რომელიც იყო კრიტიკული გამოთქმული ამ კომპანიასთან დაკავშირებით, გულწრფელად მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად მოკლებული იყო საფუძველს. ზოგ განცხადებაზე საერთოდ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ იცოდნენ, რაზე იყო საუბარი“, - განაცხადა სოხაძემ.
bm.ge-ს დამაზუსტებელ კითხვაზე, მოისმინეს თუ არა ბიზნესის მხრიდან შენიშვნები კონკურენციასთან დაკავშირებით, რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ კრიტიკა უსაფუძვლო იყო. სოხაძის თქმით, ეს არა უწყების მხრიდან ინფორმაციის ნაკლებობის, არამედ "წაკითხულის გაგების პრობლემაა".
„არა ჩვენი საკითხის პრობლემა არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ამაზე განცხადება, მეც ძალიან ხშირად ვისაუბრე. მე მგონი, ჟურნალისტებმა გაცილებით კარგად გაიგეს ამ კომპანიის შესახებ, ვიდრე შეიძლება იმ ადამიანებმა, რომლებმაც ამაზე თავის მოსაზრება გამოთქვეს. მგონი, ყველა დარწმუნდა და იმედი მაქვს, თუ ჯერ არა - დარწმუნდება იმაში, რომ ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა სოხაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 25 ივნისს „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებების საფუძველზე მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების ან მათი მონაკვეთების მოვლა-შენახვის ფუნქცია სამინისტროს მართვაში არსებულ სახელმწიფო კომპანიას გადასცეს. პირველ ეტაპზე ახალი კომპანია გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალს მოემსახურება, ხოლო მისი დასაფუძნებლად დაახლოებით 63 მილიონი ლარის საწყისი ინვესტიციაა გათვალისწინებული. აქამდე გზების მოვლა-შენახვა კერძო კონტრაქტორების მეშვეობით, ტენდერების საფუძველზე ხორციელდებოდა.



























