"ბიოგრაფი ლივინგის" დამფუძნებელი BMG-სთან აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება და ზრდის ტენდენციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.
როგორც "ვისოლ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, უძრავი ქონების ფასების ზრდა რეზიდენტული პროექტების სხვადასხვა კომპონენტის გაძვირებასთანაა დაკავშირებული.
"უძრავი ქონების ბაზარზე საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველი მაჩვენებელია მიწის ღირებულება, რომელიც ვიცით, რომ იზრდება, რადგან ძალიან დეფიციტური ხდება და თბილისის ცენტრალურ უბნებში მიწა, როგორც თავისუფალი აქტივი, აღარ არსებობს.
მეორე განმსაზღვრელი ფაქტორი არის რეგულაციები და, ბუნებრივია, რეგულაციები უფრო და უფრო მოთხოვნადია და მივდივართ იქითკენ, რომ ვიმუშავებთ ევროკავშირში მოქმედი რეგულაციებით, რაც, ბუნებრივია, გააძვირებს პროდუქტს. ამავდროულად, ეს პროდუქტი იქნება გაცილებით ხარისხიანი და ეს გაძვირება მომხმარებლისთვის საზიანო არაა, პირიქით - სასიკეთოა, რადგან გაცილებით უფრო ენერგოუსაფრთხო, უფრო კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში ვიცხოვრებთ.
მესამე ფაქტორი არის სამშენებლო მასალები, რომლის ღირებულებამაც ბოლო წლებში არსებული ინფლაციის ფონზე, ძალიან მოიმატა. ასე რომ ყველა ლოგიკური პარამეტრით უნდა ვთქვათ, რომ ბაზარზე უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება, მაგრამ მე არ მგონია, იყოს ისეთი ნახტომი, როგორიც იყო 2022/23-ში", - ამბობს ლევან ფხაკაძე.
ლევან ფხაკაძე "ბიოგრაფის" პროექტებზე მოთხოვნასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ ტენდენცია, კომპანიის დაფუძნების დღიდან, მზარდია.
"Galt&Taggart-ის უძრავი ქონების კვლევა ამბობს, რომ მოთხოვნა 2024-ში გაზრდილია, მაგრამ უმნიშვნელოდ. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, სულ მეორე წელია ბაზარზეა და რთულია სტატისტიკის კეთება, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან არის მკაფიო მატება, ეს ტენდენცია არის დაწყების დღიდან და იანვარიც რეკორდული იყო და თებერვალიც.
ვფიქრობ, ეს არის მომხმარებლის გადაწყვეტილება და არჩევანი, მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა ბაზარზე გარკვეული კონკურენციაა და შეიძლება შეინიშნებოდეს გარკვეული კრიზისის ნიშნები. მომხმარებელი უფრო მეტად დინჯია, უფრო აკურატულია გადაწყვეტილებების მიღებისას. ალბათ, ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს კომპანიის და ჯგუფის მიმართ ნდობას, მნიშვნელობა აქვს, რამდენად კარგად ხარ დაკავშირებული ბანკთან, გაქვს თუ არა შეკრული პროექტი და რამდენად კარგ პროექტს აკეთებ", - ამბობს ლევან ფხაკაძე.