“თავისთავად, ყველა მწარმოებელს ექნება დღგ-სგან გათავისუფლების სურვილი, თუმცა ერთი კითხვა დავსვი, რაზეც ვერ მივიღე პასუხი”, - ამის შესახებ “ფასების საპარლამენტო კომისიის” წევრმა და “ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა კომისიის დღევანდელ სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვერცერთმა მწარმოებელმა ერთმნიშვნელოვნად ვერ თქვა, რომ დღგ-ს გაუქმება, პროდუქციას გააიაფებს.
“დღგ იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სხვადასხვა მწარმოებლები აყენებდნენ ჩვენს წინაშე, არა მხოლოდ ამ შეხვედრაზე, არამედ ზოგადად. თუმცა აქაც კიდევ ერთხელ განვუმარტავ, რომ დღგ არის ის ძირითადი გადასახადი, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტი ივსება და შემდგომში იხარჯება იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა, განათლება, ბაღები, პოლიციელების, ექიმების, მასწავლებლების ხელფასები და ასე შემდეგ. ამიტომ ამ გადასახადზე ასეთი ხელაღებით ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ.
თავისთავად ყველა მწარმოებელს ექნება სურვილი, რომ განთავისუფლებული იყოს დღგ-ს გადასახადისგან, თუმცა ერთი საკვანძო კითხვა დავსვი, რაზეც ვერ მივიღე პასუხი და ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის არმიღება არის ნიშანდობლივი და ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვიკითხე - თუ დღგ ექნებათ ნულოვანი, ისინი 18%-ით გააიაფებენ თუ არა მათი პროდუქციის ფასს - ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად, დღგ-ს არსებობა ან მისი გაუქმება, როგორც თავადვე ვერ გვიდასტურებენ, ვერ იმოქმედებს საბოლოო ფასზე”, - განაცხადა წილოსანმა მედიასთან საუბრისას.
მისი თქმით, ფასების კლების რესურსი არის და ეს ბიზნესის კეთილი ნების და თავად ამ პროცესის საბოლოო შედეგი იქნება.
“შთამბეჭდავი იყო ის, რაზეც ისინი საუბრობდნენ, ვგულისხმობ ფასის წარმოქმნის პროცესში ქეშბექები და ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული სხვადასხვა გადასახადები, რომლებიც რადიკალურად სცდება იმ სახელმწიფო გადასახადების სისტემას, რომელიც საბაზისოა და წესით, მარტო ამით უნდა იფარგლებოდეს სუპერმარკეტთა ქსელი. თუმცა, რა თქმა უნდა, არ მინდა, რომ წინასწარ დასკვნები გავაკეთო. ჩვენ გვექნება ბოლოს უკვე ქსელების წარმომადგენლების მოსმენა, სადაც აუცილებლად გავაჟღერებთ ამ კითხვებს. ფაქტია, რომ ამ საჯარო განხილვებმა უფრო მეტი სიცხადე მისცა მოსახლეობას, დაინახეს ის საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და რითიც დააანონსა ამ საკითხის შესწავლა და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ დღევანდელმა მოსმენამ დაგვანახვა, რომ ფასების კლების რესურსი არის და ვფიქრობ, რომ ეს ბიზნესის კეთილი ნების და თავად ამ პროცესის საბოლოო შედეგი იქნება”, - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა დღეს მიმდინარეობს, რომელზეც ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის და კვერცხის მწარმოებლებს უსმენენ.




























