მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა პარამეტრი პანდემიამდელ დონეს უბრუნდება - ევა ბოჭორიშვილი

615c5ecac9bc0
ლიკა გურაბანიძე
06.10.21 10:15
794

“ყველა პარამეტრი პანდემიამდელ დონეს უბრუნდება, თუმცა მთავრობის ვალის დონე მაღალი რჩება და ეს ფისკალური მდგრადობის კუთხით საყურადღებოა", - ამის შესახებ "Galt&Taggart"-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი და ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გაწერილი ძირითადი მაკროფინანსური პარამეტრები მიმოიხილა.

აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე რამდენიმე თვით ადრე მთავრობამ ეკონომიკის ზრდის პროგნოზის 7.7%-დან 9.5%-მდე გაზრდა გადაწყვიტა, რასაც ეკონომიკის აღდგენის კარგი ტემპით ხსნიან.

“აგვისტოში ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო და 10.3% დაფიქსირდა, მაშინ როდესაც ამ მაჩვენებელმა ივლისში 9.9% შეადგინა. ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა ფულადმა გზავნილებმა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა და საბანკო სექტორში სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებამ იქონია.

რაც შეეხება 2022 წლის ბიუჯეტს, ის კანონმდებლობით 24 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს. მაკროეკონომიკურ ჩარჩოს რომ შევხედოთ, მომავალი წლის ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზეა დაგეგმილი და ნომინალური ზრდა 10.8%-ია, თუმცა საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ ზრდაზე მეტად იზრდება, დაახლოებით, 18%-იანი ზრდაა - მთავრობა შემდეგ წელს გადასახადების სახით 13 მლრდ ლარის მიღებას პროგნოზირებს - ვფიქრობთ, ეს განპირობებულია covid-პანდემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საგადასახადო შეღავათის მოხსნით, რომელიც საშემოსავლო და ქონების გადასახადებს უკავშირდებოდა. ასევე, პოზიტიური მოლოდინია მოგების გადასახადთან დაკავშირებით, რადგან კომპანიები გაჯანსაღდებიან.

რაც შეეხება მიმდინარე ხარჯებს, მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში მიმდინარე ხარჯები მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო და 2020 წელს, დაახლოებით, 26%-ს შეადგენდა; კარგია, რომ ეს მაჩვენებელი 22%-მდე მცირდება ანუ პანდემიამდელ დონეს უბრუნდება. 2022 წელს კაპიტალური ხარჯები, კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება და მშპ-თან მიმართებით 8.5%-ს შეადგენს“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები