მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა პროექტს განხორციელების ობიექტური ვადები და სპეციფიკური გამოწვევები აქვს“ - გზების დეპარტამენტი

64b670addea64
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.23 23:55
555
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს განხორციელების ობიექტური ვადები და სპეციფიკური გამოწვევები აქვს. ამის შესახებ უწყებაში BM.GE-ს განუცხადეს.

საქმე ის არის, რომ ტურისტული კომპანია Feel Georgia-ს ხელმძღვანელმა ლუკა თურქაძემ Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოქვეყნა, სადაც ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით გზების გაჭიანურებულ პროექტებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ ეს პრობლემა ტურიზმის დარგს აზარალებდა. პოსტის საფუძველზე BM.GE-მ საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართა და თბილისი-თელავის, თელავის შიდა გზების, ხაშური-ბორჯომის და ყაზბეგის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შესრულების ვადებსა და შეფერხების შესახებ ჰკითხა.

„გეოგრაფიული და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ყველა პროექტის პროგრესი განსხვავებულია. ყველა პროექტს აქვს როგორც განხორციელების ობიექტური ვადები, ისე სპეციფიკური გამოწვევები“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

სახელმწიფო უწყებაში აცხადებენ, რომ მაგალითისთვის გომბორის გზის რეაბილიტაციის პროექტი, თავის მხრივ, ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემის ერთობლივ გადაწყვეტას წარმოადგენს.
„აქ მიმდინარეობს როგორც მეწყრული მონაკვეთების პრევენციის ღონისძიებები, ისე რეაბილიტაცია და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი 33 კმ-იანია, რომელზეც დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 6 ხიდს, მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედელი. ასევე, შეკეთდება ტროტუარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი. ამჟამად დასრულებულია სამუშაოები გზის ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთზე. დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და დაწყებულია საფარის გამოცვლისა და მოწყობის სამუშაოები, 4 კმ-მდე მონაკვეთზე დაგებულია ახალი საფარი. გადაადგილების და შეფერხებების მაქსიმალურად შესამცირებლად, 33 კმ-იან გზაზე სამუშაოები წარმოებს სექციურად. პერიოდულად, წესდება გზაზე გადაადგილების დროებითი რეჟიმები სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული სამუშაოები და მათ შორის, ასფალტის დაგება, მხოლოდ ზაფხულის და შემოდგომის სეზონზეა შესაძლებელი, სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება.

რაც შეეხება თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 2.5 მლნ ლარია, ამ მონაკვეთზე წყალმომარაგების ახალი სისტემის მშენებლობა მიმდინარეობდა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელი გახდა გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის დროებით დაკეტვა და ალტერნატიულ მიმართულებაზე გადართვა.

პროექტი დასრულების ეტაპზეა. უკვე მოეწყო სანიაღვრეები, ხელოვნური ნაგებობები და უახლოეს დღეებში დაიწყება ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. პროექტი სექტემბერში დასრულდება.

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზა, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, არის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა. ამ გზაზე, მაღალია სატრანზიტო ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა, ზაფხულის პერიოდში კი, მკვეთრად იზრდება ტურისტული ნაკადები. ავტოტრანსპორტის მოძრაობა რომ არ შეფერხებულიყო, კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2022 წელს და წლის ბოლოსათვის თითქმის ყველა ხელოვნური ნაგებობის მოწყობა დასრულებული იყო. ზამთარში კი სამუშაოები, ფაქტობრივად, ჩერდება, რადგან კლიმატური პირობების გამო, ტექნოლოგიურად და ფიზიკურად შეუძლებელია სამუშაოების წარმოება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზაფხულში, ტურისტული სეზონის გამო, სამუშაოები წარმოებს მხოლოდ ღამის საათებში. ამჟამად, ასფალტის საფარი მოწყობილია 4 კმ-იან მონაკვეთზე, სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, მიმდინარეობს გზის საფუძვლის რეციკლირება, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 9.7 მლნ ლარია და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება.

გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოების დაწყება დაგეგმილი იყო ივნისში, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ დაიწყო.

უახლოეს დღეებში განახლდება პერიოდული შეკეთების სამუშაოები აღნიშნული მიმართულებით და სრულად აღდგება დაზიანებული მონაკვეთები. ასევე, ზამთრის პერიოდში სტიქიით დაზიანებულ კედლებზე დაწყებულია აღდგენის სამუშაოები“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გასულ წელს 912 კმ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა, საიდანაც 570 კმ გზის რეაბილიტაცია დასრულდა. წელს უკვე, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1050 კმ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, საიდანაც დაახლოებით, 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები