მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ყველა პროექტს სჭირდება „პატრონი“ - რა პრეტენზია აქვს თემურ ჭყონიას თბილისის მერიასთან?

6188ddf44e825
თელარა გელანტია
09.11.21 09:00
807
ბიზნესმენი თემურ ჭყონია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გზაზე, „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის ასაშენებლად საჭირო ნებართვების მოლოდინშია. როგორც ბიზნესმენმა bm.ge-თან თქვა, მიწა სახელმწიფოსგან უკვე იყიდა, მაგრამ მშენებლობისთვის საჭირო პროცედურების და ნებართვების მიღება დროში ჭიანურდება.

- გვინდა, საქართველოში „მაკდონალდსის“ რესტორნების მშენებლობები სწრაფად დავამთავროთ. ჩვენი შეთავაზებები უფრო სწრაფია, ვიდრე - გადაწყვეტილებების მიღება; ეს პროცესი ნელი ტემპით მიდის. მაგალითად, თბილისის აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს მერიისგან მიწა ვიყიდეთ, რათა ახალი რესტორანი ავაშენოთ, მაგრამ თემები არის რთული გადასალახი. დრო სჭირდება...

- წინასაარჩევნო პერიოდში კახა კალაძე ხომ გყავდათ სტუმრად, არ ესაუბრეთ ამ საკითხებზე?

- კახა კალაძე ჩვენს მხარეს არის...

- მაშინ ვის ვერ აგებინებთ?

- იცით, როგორ არის, მაგალითად, პროექტი შეგაქვს <მერიაში>, ვიღაცამ მიიღო ეს პროექტი, მაგრამ ისე კი არ იხილავს, თუ ვიღაცამ არ დაურეკა. წარმოგიდგენიათ?! ამიტომ დევს ეს პროექტი <მერიაში> და რომ დაურეკავ, მერე იწყებენ განხილვას, ამიტომ ყველა პროექტს სჭირდება „პატრონი“.

- თქვენი აზრით, ეს მხოლოდ შუა რგოლის საჯარო მოხელის პრობლემაა?

- სისტემის პრობლემაა... გადაწყვეტილების მიღების პრობლემაა. მაგალითად, „მაკდონალდსის“ რესტორანი საშუალოდ ხუთ თვეში შენდება, სხვა ობიექტი კი შენდება სხვა პერიოდში. ყველა პროექტს უნდა ჰქონდეს თავისი ვადები, რა დროშიც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული - თუ „მაკდონალდსის“ რესტორანი 5 თვეში შენდება, საჭირო ნებართვების გაცემაზე შესაბამისი დრო უნდა იყოს განსაზღვრული. ჩვენთან ყველაფერზე 2-თვიანი ვადაა - არ აქვს მნიშვნელობა 50-ნომრიან სასტუმროზე ითხოვ ნებართვას თუ 100-ნომრიანზე...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები