მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ყველა ქარხანა გადავსებულია.. ცისტერნები თავისუფალი არ აქვთ და ყურძენს ვერ იბარებენ” - რაჭაში ჩამბარებელ პუნქტებთან რიგებია

რთველი

რაჭაში რთველი გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს - მევენახეები ჩასაბარებელ პუნქტებთან არსებული რიგების გამო ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებენ. შესაბამისი ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელში.

ადგილობრივი მარნების წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ რთველი წელს არაორგანიზებული იყო, ჩასაბარებელი პუნქტები კი მაღალ დატვირთვას ვერ გაუმკლავდა.

კომპანია "ამბრას" დამფუძნებელი ამბობს, რომ ადგილზე მარნები ყურძენს ვერ იბარებენ, რადგან ცისტერნები სავსე აქვთ, შესაბამისად, მევენახეებს ყურძენი უფუჭდებათ. აკაკი სირაძის თქმით, იმის გამო რომ დაკრეფილი ყურძნის დროულად ჩაბარება ვერ ხერხდება ყურძნის ხარისხი ფუჭდება.

"რაჭაში ყველა ქარხანა გადავსებულია, ვერ მოახდინეს ღვინო მასალის რეალიზაცია ან მზა პროდუქციის რეალიზაცია. შესაბამისად, ცისტერნები, რეზერვუარები არა აქვთ თავისუფალი და ამის გამო ვერ მოახერხეს ყურძნის მიღება. რაჭის რთველს დაემთხვა წვიმები, ოთხი დღე არის გადაუღებლად წვიმს, შესაბამისად რიგებიც დიდია. მაგალითად, თბილღვინო იღებდა ყურძენს, აკურა იღებს, ახლაც და კამაზებით ეზიდებიან ყურძენს კახეთში. ამ ყველაფერმა გამოიწვია ქაოსი.

ალბათ მიზეზი ისიც არის, რომ ბოლომდე დაგეგმილად არ მოხდა ეს ყველაფერი. გლეხებმა გადაწყვიტეს, რომ რთველი დაწყებულიყო 6 ოქტომბერს. 6 ოქტომბერს არ იყო შესაბამისი კონდიცია ყურძნის, შაქრიანობაც არ ჰქონდა ისეთი, რაც საჭიროა ხარისხიანი ღვინის დასამზადებლად და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის ქაოსი, რასაც ხედავთ ახლა.

ხარისხი ვერ იქნება ისეთი, რაც უნდა იყოს. ყურძენი რომ დაიკრიფება, იმ დღესვე უნდა მივიდეს მარანში გადასამუშავებლად. ანუ ოთხი დღის, ხუთი დღის ყურძენი უკვე შეუსაბამო არის ხარისხიანი ღვინის დასამზადებლად.

შვიდ ოქტომბერს გაიხსნა მეღვინეობა "ამბრა". ჩვენთან იყო ერთი კომპანია, რომელიც ამუშავებდა ასევე ყურძენს. "მარბანო ვაინერისთვის" დაახლოებით გადავამუშავეთ 45 ტონა ალექსანდროულ-მუჯურეთული. "ამბრაზე" გადავამუშავეთ დაახლოებით 15 ტონა ალექსანდროულ-მუჯურეთული და გავჩერდით. ნუ ერთ-ერთი ქარხანა ვიყავით, რომელიც გახსნილი იყო რაჭაში და ვიღებდით ხარისხის მიხედვით ყურძენს,”- ამბობს ამბრას დამფუძნებელი აკაკი სირაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები