მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველა რეგიონისთვის განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები - მარიამ ქვრივიშვილი ბიზნესს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტი კერძო სექტორს წარუდგინა.

„აქტიური თანამშრომლობა გვქონდა კერძო სექტორთან, რეგულაციის შემუშავებისას მეტწილად ვიხელმძღვანელეთ ევროპული სტანდარტებით, დეტალურად გვაქვს შესწავლილი, თუ როგორ ხდება ევროპის ქვეყნებში ქალაქების მსგავსი რეგულაციების მოწესრიგება და დანერგვა.

რეგულაციაზე მუშაობის პარალელურად მიმდინარეობს ქვეყნის რეგიონების და ქალაქების კვლევა, რათა ყველა რეგიონისთვის გვქონდეს ფაქტობრივად, დეტალური პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ისტორიული უბნები, ახალი განაშენიანება და ა.შ. აქედან გამომდინარე, ფართო სურათში საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები - სახურავების, ფასადების მასალები და ფერები და ა.შ. რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

სამინისტროს ცნობითვე, ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ ახალი რეგულაციების თანახმად, ფაქტობრივად, ორი სახის სანებართვო პრაქტიკა დაინერგება - ე.წ. სტანდარტული პრაქტიკა და მეორე - არასტანდარტული სამშენებლო ნებართვები, რაც გულისხმობს მათ შორის განსხვავებულ ფასადებს, ფერებს და ა.შ.

„სტანდარტული რეგულაციები, ფაქტობრივად, თითოეულ თქვენგანს შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ძალიან სწრაფი, აჩქარებული ტემპებით მოხდეს სამშენებლო პროექტის დამტკიცება მუნიციპალიტეტების მხრიდან. ამასთან, სურვილის და გემოვნების შესაბამისად ნებისმიერ მეწარმეს, თუ კერძო პირს შეეძლება სასურველი პროექტის აშენება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არაფერი იზღუდება - შესაძლებელი იქნება ნებისმიერი იდეის რეალიზება, იქნება ეს არქიტექტურული, საქმიანი თუ ტექნიკური საჭიროების. ჩვენი მიზანია, რომ მასობრივი განაშენიანება, განსაკუთრებით რეგიონებში იყოს სტანდარტიზებული იმისთვის, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ დაბაში მაქსიმალურად შევიტანოთ ესთეტიკური იერსახეები“, - თქვა ქვრივიშვილმა.

შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილებით, ესთეტიკური მახასიათებლების დადგენისთვის აუცილებელი წესები განისაზღვრება, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებისთვის სახელმძღვანელოს შექმნას და ადგილობრივ თვითმმართველობებს ესთეტიკური მახასიათებლების საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით დაზუსტების საშუალებას მისცემს.

კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს "ქართული ოცნების" ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები