მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ - "მაგთი" ComCom-ის მოსალოდნელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ლევან მაგთი

"მაგთის" იურისტის, ლევან გიორგაძის განცხადებით, კომპანია გეგმავს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა დასაბუთდეს, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, კომპანიისთვის ახალი რეგულაციების განსაზღვრის შესახებ, უკანონო და დაუსაბუთებელია.

საუბარია როგორც ფიქსირებული ინტერნეტის, ასევე მობილური მომსახურების ბაზრებზე "მაგთისთვის" მნიშვნელოვანი საბაზრო ოპერატორის სტატუსის მინიჭებასთან და მისთვის საკუთარ ქსელზე კონკურენტების დაშვების ვალდებულების დაკისრებაზე. სწორედ ამას ითვალისწინებს ComCom-ის გადაწყვეტილების პროექტი, რომელზედაც კომისიამ ფიქსირებულ ინტერნეტთან დაკავშირებით დღეს იმსჯელა. პროექტის თანახმად, "მაგთის" საკუთარ ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე კონკურენტების დაშვების უზრუნველყოფა დაევალება.

"ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, რათა დასაბუთდეს რომ ეს გადაწყვეტილებები არის უკანონო და არ უნდა არსებობდეს. ეს იქნება სარჩელის წარდგენა თუ ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, ამაზე კომპანია ჩამოყალიბდება. ეს ნაბიჯები დიდი ალბათობით გადაიდგმება.

თეორიულად არბიტრაჟიც შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია", - BMG-ის უპასუხა ლევან გიორგაძემ.

"მაგთის" შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის შეფასება, რომ ფიქსირებული და მობილური ტელეკომუნიკაციის ბაზარი არაკონკურენტულია არასწორია. ამასთან, ლევან გიორგაძე აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სექტორის სხვა მოთამაშეებსაც დააზიანებს და სექტორში ინვესტიციების შემოდინებას შეაფერხებს.

"კვლევა არის ჩატარებული არასწორად, ხოლო მათ მიერ შერჩეული ვალდებულებები არის უკიდურესად მძიმე და არასწორი, რაც დარგში კონკურენციის ხარისხს კი არ გააუმჯობესებს, არამედ გააუარესებს. ეს გადაწყვეტილება მიმართულია "მაგთიკომის" წინააღმდეგ, თუმცა მისი ძალაში შესვლის შემდეგ იგი ნეგატიურად გავრცელდება სხვა მოთამაშეებზეც.

ინვესტიციები, რომლებიც ამ დარგში ხორციელდება, შემცირდება. ეს არ არის იმ პრობლემის გადაჭარბებულად შეფასება, რაც კომუნიკაციების კომისიამ დაინახა.

თითოეული ეს ქმედება მიმართულია კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არის ყველაზე წარმატებული მობილურ მომსახურებასა თუ ფიქსირებულ ინტერნეტში", - აცხადებს მაგთის იურისტი.

კომუნიკაციების კომისიის მეთოდოლოგიის თანახმად, იმ შემთხვევაში თუკი საკომუნიკაციო ბაზარზე კომპანიის წილი 40%-ს აღემატება, ჩნდება იურიდიული საფუძველი, რათა კომისიამ შეაფასოს წარმოადგენს თუ არა კომპანია მომეტებული საბაზრო ძალის მქონე მოთამაშეს.

არსებული მდგომარეობით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე "მაგთის" წილი 52%-ია, ხოლო მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ის 41.6%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები