კომუნიკაციების კომისია მობილურ ბაზარზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების ვადა 2024 წლის 9 აგვისტომდე გადასწია. ამის მიზეზად დასახელდა ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშის ბენეფიციარი მფლობელის მიერ კომისიისთვის წარდგენილი კითხვები, რომლებიც კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, საკმაოდ მოცულობითია და მასზე პასუხის გაცემა დამატებით დროს საჭიროებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის შემდგომი ზეპირი სხდომა აღნიშნულ საკითხზე 18 ივლისს ჩაინიშნა, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების თარიღად 9 აგვისტო განისაზღვრა.
"სამწუხაროდ, არ მოხდა უფრო ადრე კითხვების წარმოდგენა. საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია და ვერ ესწრება კომისიის მიერ სრულყოფილი ანალიზი და პასუხის გაცემა. ყველასთვის ცნობილია, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესი დაიწყო მარტში, მაგრამ კვლევა დაწყებულია გაცილებით ადრე და ის დაიწყო 2022 წლის აგვისტოში, როდესაც ინიციატივით გამოვიდა კომისია, რომ ჩატარებულიყო ბაზრის კომპლექსური კვლევა და ყველა ამ ეტაპზე ხდებოდა კვლევის პირველი შედეგების გაცნობა ოპერატორთან, კითხვების მოსმენა, გათვალისწინება კონსულტანტების მოსაზრებების და პრაქტიკულად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩართული არიან ოპერატორები.
21 მაისს არის მოწოდებული, ისეთი კითხვებია თითქოს ამის დამწერი ამ ორწლიან პერიოდში მონაწილეობას არ იღებდა. იმ შემთხვევაში, თუ ჩართულია საკონსულტაციო კომპანია, ასეთი კითხვები არ უნდა გაჩენილიყო. ჩვენ ვერ მოვასწარით ამ ზეპირი მოსმენისთვის, რომ სრულყოფილად განგვეხილა და პასუხებიც დაგვებრუნებინა, ამიტომ გვიწევს ვადის გადაწევა. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულება გადაიწევს 9 აგვისტომდე,"- განაცხადა კახა ბექაურმა.
ცნობისთვის, 30 მაისს კომუნიკაციების კომისიამ გამართა საქართველოს კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის დონის შესახებ ევროპელი ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია. აღნიშნული კვლევა მიუთითებს, რომ მობილური კომუნიკაციების ბაზარი არაკონკურენტულია, ხოლო ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე "მაგთი" დომინირებული საბაზრო ძალის ოპერატორს წარმოადგენს.
იმ შემთხვევაში თუკი "მაგთის" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსი მიენიჭება, ის დაექვემდებარება კომუნიკაციების კომისიის დამატებით რეგულირებას, რაც ComCom-ის წევრის, ეკატერინე იმედაძის განმარტებით, სამ მიმართულებას გააერთიანებს. ამ რეგულაციებს შორის უმთავრესი "მაგთის" ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ოპერატორების დაშვების ვალდებულებაა, რის შედეგადაც ბაზარზე ახალი MVNO-ების შემოსვლა უნდა გახდეს შესაძლებელი.
დღეს გამართულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ არ დაასახელა, თუ რომელი კომპანიის ბენეფიციარი მფლობელისგან მიიღო აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით კითხვები, რომელზე პასუხების მომზადებისთვისაც ადმინისტრაციული წარმოების ვადა 9 აგვისტომდე გახანგრძლივდება, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია "მაგთის" ბენეფიციარი მფლობელების კითხვებზე, რადგანაც აღნიშნული წარმოების შედეგად, ახალი რეგულაციები სწორედ "მაგთის" შეიძლება დაუწესდეს.