მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა შოუზე სრული ანშლაგი გვაქვს" - ბათუმის დელფინარიუმი

დელფინი

ბათუმის დელფინარიუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ბერდია კუტუბიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ყველა შოუზე სივრცე სრულადაა დატვირთული.

მისივე თქმით, აქტიური სეზონი ბათუმში შედარებით ადრე დაიწყო. შესაბამისად, შოუების რაოდენობა დღეში 2-დან 3-მდე გაიზარდა.

"ერთ შოუზე 887 ადამიანს ვმასპინძლობთ და ყველა შოუზე სრული ანშლაგი გვაქვს. ამასთან, მომხმარებელს ცურვის სერვისსაც ვთავაზობთ, სადაც ჯგუფში 4 ადამიანი იყრის თავს. ფასები პამდემიამდელ პერიოდიდან მოყოლებული შევინარჩუნეთ, შესაბამისად, დელფინების შოუზე დასწრება 20-25 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. შოუზე დასწრების ღირებულება დამოკიდებულია ღონისძიების დაწყების დროზე. ამასთან, 6 წლამდე ბავშვებისთვის, რომლებიც არ საჭიროებენ დამატებით სკამს, შესვლა უფასოა. ღონისძიების ფარგლებში, ერთ შოუზე 8 დელფინი მონაწილეობს", - აცხადებს კუტუბიძე და დასძენს, რომ ობიექტს აქტიურად სტუმრობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებიც.

"საერთაშორისო სტუმრებს ძირითადად ვმასპინძლობთ ისრაელიდან, არაბეთის ქვეყნებიდან, სლავური წარმოშობის ქვეყნებიდან და ა.შ.", - აცხადებს კუტუბიძე.

დელფინარიუმის ზღვის ძუძუმწოვრების ცენტრის უფროსი, თენგო წეროძე აცხადებს, რომ ამჟამად, ჯამში 22 დელფინი ჰყავთ, რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული დირექტივით უვლიან. მისივე თქმით, დელფინები დელფინარიუმში უფრო დაცული არიან, ვიდრე ოკეანეში ან ზღვაში შეიძლება ყოფილიყვნენ.

"დელფინები ჩვენთან უფრო დაცულები არიან, ვიდრე ოკეანეში იქნებოდნენ. იქ ათასობით დელფინი დაიღუპა. ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება შავი ზღვის დელფინებიც კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ და მთელი შავი ზღვა ჩვენს იმედზე დარჩეს.

გვაქვს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული წესდება, რასაც მივყვებით. ერთადერთია ის, რომ ხელოვნური გარემოა, თორემ, სხვა მხრივ, პირიქით, ვაჭარბებთ იმ დადებით ფაქტორებს, რაც მათ ზღვაში ექნებოდათ. ჩვენთან დელფინები სრულიად უსაფრთხოდ არიან, ამასთან გარანტირებული აქვთ ხარისხიანი საკვები. ასევე, ზამთარში და ზაფხულში წყალს შესაბამის ტემპერატურაზე ვურეგულირებთ. დელფინები უკეთეს პირობებში გვყავს, ვიდრე ჩვენ თვითონ ვართ",- აცხადებს წეროძე.

მისივე ცნობით, იგეგმება დელფინარიუმის გაფართოება. საუბარია დამატებით ცალკე ავზების დამატებაზე, თუმცა ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ საჯაროვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები