მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა წარმატებული ბიზნესის უკან პროფესიონალი ბუღალტერი დგას" - ნანა ახალაია ქალების ნარატივში

BM.GE
30.03.21 12:46
938

ERP სისტემის გამოყენებას კომპანიები რამდენიმე თვეში შეძლებენ;ის ინვესტორებისთვისაც ძალიან მიმზიდველი იქნება" - ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციისა და ტრენინგ ცენტრის „რაციოს“ დამფუძნებელინანა ახალაია „ქალების ნარატივში“

 

-საიდან გაჩნდა „რაციოს“ დაფუძნების იდეა?

-ჩავთვალე რომ ბაზარზე საჭირო იყო შემექმნა ახალი ორგანიზაცია, რომელიც ბიზნესს სწორ და რაციონალურ კონსულტაციას გაუწევდა. გარდა ამისა, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრები, შესაბამისად შევქმენი ტრენინგცენტრი „რაციო“. ის ბიზნესს საქმეს გაუმარტივებს, ეს იყო შექმნის მიზეზი. დროსაც დაუზოგავს. ჩემი გამოცდილებით, ბაზარზე ამის მოთხოვნა იყო. ჩვენ გავუგზავნით უკვე შერჩეულ კადრებს, რომლებსაც ჩვენთან ტრენინგები ექნება გავლილი და ტესტირების საფეხურსაც წარმატებით გაივლიან. ამას დაერთვება ტრენერის რეკომენდაციაც. უნარები უკვე ეიჩარებმა უნდა შეაფასონ. 

 

-ვისთან თანამშრომლობთ? ვინ იქნებიან ტრენერები?

-საკმაოდ გამოცდილი საგადასახადო კონსულტანტები, შემოსავლების სამსახურის აუდიტორები, გამოცდილი პრაქტიკოსი აუდიტორები, ფინანსური და საგადასახადო ექსპერტები.  

 

-2 თვეა, რაც „რაციო“  დაფუძნდა, რა იყო მთავარი სურვილი?

-პანდემიის შედეგად საკმაოდ ბევრი ბიზნესი გაჩერდა, ნაწილს მოუწია კადრების შემცირება. ასევე საგადასახადო შეღავათები შემოვიდა, განისაზღვრა გარკვეული კომპენსაციები. შესაბამისად, ეს საჭიროებდა ბიზნესამდე სწორი ინფორმაციის მიტანას. ჩვენ ამაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ.

 

-ამბობენ, რომ ყველა წარმატებული ბიზნესის უკან პროფესიონალი ბუღალტერია? ეთანხმებით ამ ფრაზას? გენდერული ბალანსის კუთხით რა მდგომარეობაა სფეროში?

-მართლაც, თუ გადავავლებთ თვალს ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს, ნამდვილად დგას წარმატებული ბიზნესის უკან ბუღალტერი. რაც შეეხება გენდერის ნაწილს, ვიტყვი რომ ადრე უფრო შეიმჩნეოდა ეს, ახლა ქალებიც ბევრნი ვართ. ეს პროფესია საჭიროებს დაგეგმვას, ანალიზის უნარს, დიდ ნებისყოფას, მოტივაციას თვითგანვითარებისთვის.

 

-მოთხოვნა რამდენად დიდია ბუღალტერიის მიმართულებით?

-საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა ფინანსისტიც, ბუღალტერიც, საგადასახადო კონსულტანტიც, აუდიტორიც. მოთხოვნა მაღალია, მიუხედავად პანდემიისა. სწავლასთან დაკავშირებითაც, საკმაოდ დიდი მომართვიანობაა. ონლაინ რეჟიმზე გადავედით და ჩაერთვნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. ზოგადად, უშუალოდ ჩასვლა, სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ვფიქრობ, ფინანსური განათლება კრიზისიდან გამოსასვლელად ერთ-ერთი გზაა. 

 

-„რაციოში“ მომართვიანობა რამდენად დიდია?

-დიდი მოთხოვნაა საგადასახადო და ფინანსურ კონსულტაციებზე, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ცვლილება შევიდა საგადასახადო კანონმდებლობაში, ასევე ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტში. არის ცვლილებები იმისთვის, რომ ევროკავშირის სტანდარტებს შევესაბამებოდეთ. გაჩნდა საჭიროება რომ კონსულტაცია გაგვეწია ინდივიდუალურად, ბუღალტრებისთვისაც და ბიზნესის წარმომადგენლებისთვისაც. ამას დაერთო საკონსულტაციო შეთავაზება, ასეთი აქამდე ბაზარზე არ იყო. ამიტომაც დავაარსეთ ეს ორგანიზაცია. 

 

-რამდენიმე თვე მუშაობდით სტამბოლში, მოგვიყევით ამ გამოცდილების შესახებ...

-სტამბოლში ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის დანერგვების სპეციალისტად მიმიწვიეს. იქ მსხვილი საწარმოების ბუღალტრებს სამუშაო დღე 5 საათზე უმთავრდებოდათ, მიკვირდა როგორ ასწრებდნენ. დავინტერესდი, ეს როგორ ხერხდებოდა. მინდოდა, ეს ყველაფერი ქართველი ბუღალტრებისთვისაც შემეთავაზებინა. მოველაპარაკე იმ კომპანიას და გადავწყვიტეთ ერთობლივად, რომ იგივე პროგრამები ჩამოგვეტანა საქართველოში. ეს ERP სისტემა, მხოლოდ  საბუღალტრო  სისტემა არააა, აქ ერთი „კლიკით“ შეგიძლია რეპორტების ნახვა. მის გამოყენებას კომპანიები რამდენიმე თვეში შეძლებენ. აქვს რამდენიმე ენაზე გადაწყობის ფუნქცია - ესენი: ქართული, ინგლისური, რუსული, არაბული, თურქული. ახლა ითარგმნება გერმანულად და ფრანგულად. ERP  სისტემა საინტერესო იქნება ინვესტორებისთვის. აქამდე მეც მქონია შემთხვევა, რომ თარჯიმნებისთვის მიწევდა ამეხსნა ბუღალტერიის და საგადასახადო კანონმდებლობის საკითხების ახსნა. ახლა, როცა პროგრამაში გადაყვანილი იქნება, ინვესტორებს თავიანთ ენაზე შეეძლებათ რეპორტების ამოღება. ბუღალტერია კი ბიზნესის საერთაშორისო ენაა.

 

-დამსაქმებლის პოზიციიდან, პირველ რიგში, ბუღალტერს რა ტიპის მოთხოვნებს წაუყენებდი?

-სულ ვამბობ, რომ მოთხოვნებს კი არ წავუყენებ, არამედ შევაფასებ რამდენად შემეძლება მოვერგო მათ მოთხოვნებს, შეეძლება თუ არა ჩემს ორგანიზაციას მათი გაზრდა, კვალიფიკაციის ამაღლება. რა თქმა უნდა, საბაზისო ცოდნა აუცილებელია. თუმცა, ბუღალტერიაში საკითხები სულ განახლებადია. დამსაქმებელმა სწორად უნდა განსაზღვროს როგორი თანამშრომელი სჭირდება. სოციალურ ქსელში გვაქვს ჯგუფი, სადაც განვიხილავთ ხოლმე შემთხვევებს. ერთ-ერთი შემთხვევის მიხედვით, პატარა ორგანიზაციაში, დამსაქმებელს საკმაოდ ბევრი მოთხოვნა ჰქონდა მითითებული, რაც რეალურად მას ნამდვილად არ სჭირდებოდა. ამიტომაცაა კარგი, რომ ზუსტად განვუსაზღვროთ მას რა კვალიფიკაციის ადამიანი სჭირდება. ორგანიზაციას თუ ექნება შემდგომ გაზრდის საშუალება, თანამშრომელიც უნდა გაზარდოს.





სტუმარი: ნანა ახალაია - ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციისა და ტრენინგ ცენტრის „რაციოს“ დამფუძნებელი დირექტორი, ბუღალტერი, ბიზნეს კონსულტანტი, პროგრამის დანერგვების სპეციალისტი, ტრენერთა ასოციაციის საორგანიზაციო გუნდის წევრი.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები