„ყველა წისქვილი გაჩერდა... ფერმერები ხორბალს ვერ აბარებენ“ - დარგი მთავრობას მიმართავს
BM.GE
14.03.23 23:50
• 257
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია რუსული ფქვილის იმპორტის მკვეთრი ზრდის გამო მთავრობას ახალი ხედვის შემუშავებისკენ მოუწოდებს. სტატისტიკის მიხედვით, 202 000 ტონა ფქვილის იმპორტით საქართველო რუსეთისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახდა. შედეგად, საქართველოში ხორბლის გადამუშავება არაკონკურენტულია, რამაც წისქვილკომბინატების გაჩერება გამოიწვია. ასოციაცია მთავრობას შეთავაზებას უკეთებს, რომლის მთავარ მიზანს პურის ფასის შენარჩუნების გარანტია წარმოადგენს. შეთავაზება გულისხმობს, რომ დაწესებულ იქნას დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი იმპორტირებულ ფქვილზე, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს. ასეთ შემთხვევაში წისქვილკომბინატები იღებენ ვალდებულებას, რომ შენარჩუნდება ე.წ. „მასობრივი მოხმარების“ პურზე გარანტირებული ფასი, ადგილობრივი ფერმერებისაგან შეისყიდონ 2022 წლიდან დარჩენილი ჩაუბარებელი ხორბალი, ხარისხების შესაბამის ფასად და შექმნან სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფად ხორბლის 2 თვიანი გარდამავალი მარაგები. საკითხის გადაჭრის მიზნით, ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოს მთავრობას 3-პუნქტიანი შეთავაზებით მიმართავს, რომლის განხორციელების შემთხვევაში რამდენიმე ვალდებულებას იღებს. ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი გადასახადის შემოღება, რომელიც რეალურად აქამდე გაჟღერებული სარკისებური გადასახადისგან განსხვავდება. მისი განმარტებით, ცვლილებებით ფქვილის ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები კონკურენტულ პირობებში აღმოჩნდებიან, პარალელურად კი ინდუსტრია პირობას დებს, რომ არც სოციალური პურის ფასი გაიზრდება.