საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაფინანსებების შეწყვეტის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ ყველაფერი შეჩერებულია არჩევნებამდე. ნების გამოხატვის შემდეგ კი, ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება.
"ეს არის მთელი ჩვენი დღევანდელი და ჩვენი საზოგადოების ამოცანა, ეს არის სრულიად დამოკიდებული არჩევნებზე. ყველა გველოდება, ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული და არა სამუდამოდ გაყინული ან გადახედილი.
ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ნების გამოხატვის შემდეგ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუკი ეს ნება გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. და ეს პარტიები იღებენ ამ მხრივ ვალდებულებას, პარლამენტში ვინც შევა და როგორც შევა, იმ ძალით რაც შევა, რომ შეასრულონ ეს ქარტია, მიიღონ ის კანონმდებლობა, გააუქმონ ის ანტიევროპული კანონმდებლობები, რაც მიღებული იქნა ბოლო პერიოდში, სიმბოლურად ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული კანონი და ამით დაუდასტურონ ჩვენს ევროპულ პარტნიორებს, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ გზას.
მე ვიძლევი პირობას, რომ ამ ქარტიის შესრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ამ ქარტიის შესრულება, ვიქნები და ვივლი იმ ევროპაში, რასაც მიკრძალავდნენ. ვეღარ ამიკრძალავს ვერავინ იმას, რომ საქართველოს პოზიციები დავიცვა.
ჩვენ ვართ ღირსი, აღგვიდგინონ ყველა პირობა, რაც აქამდე არსებობდა და დავუბრუნდეთ იმ გზას ისე, რომ დიდად არ დავაგვიანოთ და არ ვიყოთ ჩამორჩენილი არც ჩვენი უკრაინელი, მოლდოველი პარტნიორების და არც სხვების მიმართ. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს გავლილი მანამდე, რომელიც გვაძლევს იმის უფლებას, რომ გვქონდეს პრეტენზია, დავუბრუნდეთ აჩქარებული ტემპით იმ გზას, რომელიც ჩვენი არის. ეს ჩვენს ამომრჩეველზე არის დამოკიდებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.