საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია ამბობს, რომ უნივერსიტეტს ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი და მათ წინააღმდეგ საქმეს სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს.
საქმე ისაა, რომ დღეს, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა. ის მოითხოვს დაყადაღდეს საქართველოს უნივერსიტეტის (UG) შენობა, ანუ ტექნიკური უნივერსიტეტის ის ქონება, რომელიც, მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს, მესამე პრეზიდენტის ოჯახის მხრიდან იყო მიტაცებული და დაუბრუნდეს ტექნიკურ უნივერსიტეტს. თავის მხრივ, "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიული ალასანიას ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად, რაც ღია თავხედობაა და საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა.
როგორც საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა მედიასთან განაცხადა, შენობის 1 ლარად შეძენაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განმარტებით, ქონება ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება იყო და თანხაც სამინისტრომ მიიღო.
"სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არა აქვს, იმიტომ რომ საქართველოს უნივერსიტეტს ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი ეკონომიკის სამინისტროდან და თვითონ გურგენიძე წულუკიანის კომისიაზე ითხოვდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ. რაც შეეხება ერთ ლარად შეძენას, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდება. ჩვენ არაერთხელ სასამართლოშიც გავასაჩივრეთ ეს, თუმცა, რა თქმა უნდა, რეაგირება არ ჰქონია. ეს ქონებები თვითონ გურგენიძეც და მისი პრორექტორიც აღიარებს, რომ იყო რამდენიმე მილიონად შეძენილი თავის დროზე. როცა საუბრობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს კაპიკი არ მიუღიაო, ეს ლოგიკურია, წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ეს ქონებები და შესაბამისად, ფული შევიდა ეკონომიკის სამინისტროში. აქ არასოდეს გეპეი არ ახორციელებდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევით საქმიანობას, იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომელიც სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა.
საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ კამპანია არის დაწყებული პრაქტიკულად მისი დაარსების მომენტიდან. ბოლო ერთი თვე უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა ეს კამპანია. როგორც ვთქვი, სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა ამ საქმეს არ გააჩნია. პოლიტიკურად და ზოგადად წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ უნივერსიტეტის პოზიციები სამართლებრივად არის ძალიან მყარი. ეს ქონებები თავის დროზე იქნა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით გარემონტებული და რეაბილიტირებული. იყო ცარიელი კარკასები, აქ არაფერი იყო და დღეს არის შექმნილი საუკეთესო უნივერსიტეტი",- ამბობს კონსტანტინე თოფურია.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიაზე, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, 2025 წლის 10 აპრილს განაცხადა, რომ გიული ალასანიამ (მიხეილ სააკაშვილის დედამ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებები ხელყო და მიითვისა, სადაც შემდეგ დაფუძნდა "საქართველოს უნივერსიტეტი". ამის საპასუხოდ საქართველოს უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა და ეს შეაფასა შეტევად სრულიად განათლების სისტემაზე.




























