გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ქვეყნის დედაქალაქში ჩინეთის ახალი საელჩოს მშენებლობას მხარი დაუჭირა. მხარდაჭერის გამოცხადება კრიტიკას მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ საელჩო ჩინური ჯაშუშური აქტივობების ჰაბი გახდება. საპასუხოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე შვიდი სხვადასხვა ობიექტის საქმიანობის ერთ სივრცეში გადმოტანა პირიქით, ბრიტანული უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას გაამარტივებს.
ჯერჯერობით, მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა. უფრო მეტიც, იგი მესამედ გადაიდო. თუმცა მოსალოდნელია, რომ საბოლოოდ მშენებლობის ნებართვას ჩინური მხარე მომდევნო წლის 20 იანვარს მიიღებს.
გაერთიანებული სამეფოს შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს, რომ მათი თავდაპირველი ეჭვები უსაფუძვლო მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ოფიციალურმა პეკინმა ყველა ავტორიზებული დიპლომატის ერთ შენობაში გადასვლის პირობა დადო.
ამისდა მიუხედავად, ქვეყნის ოპოზიცია საელჩოს მშენებლობას მწვავედ აკრიტიკებს. მათი აზრით, პრობლემას წარმოადგენს უზარმაზარი ფართობი, ისევე როგორც შენობის სიახლოვე ქალაქის ბოჭკოვანი კაბელების მთავარ გამანაწილებელ პუნქტთან.
რაც შეეხება უშუალოდ ტერიტორიას, იგი ისტორიულ ისტმინსტერში მდებარეობს. სწორედ აქ აშენდა ცისტერციანული მონასტერი XIV საუკუნეში, ხოლო 1809 წლიდან 1967 წლამდე ამ ადგილას სამეფო ზარაფხანა ფუნქციონირებდა. ამ დროისათვის, უცნობია რა ბედი ეწევა The Royal Mint Court-ის მიწაზე შემორჩენილ ზარაფხანის ისტორიული შენობის ნარჩენებსა და მონასტრის ნანგრევებს. აღნიშნული ტერიტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 2018 წელს შეისყიდა. ამისათვის მათ £225 ბრიტანული ფუნტ-სტერლინი გადაიხადეს, რაც $311 მილიონი აშშ დოლარია.
ცნობისათვის, აშენების შემთხვევაში მისი ფართობი 20,000 კვ.მ იქნება, რაც მას ევროპაში ყველაზე დიდ საელჩოდ აქცევს.




























