"ვოიაჟერის" დირექტორი სოფიო აზარაშვილი, რომელიც საქართველოში ინდურ ავიაკომპანია IndiGo-ს წარმოადგენს, აცხადებს, რომ სურთ ავიაკომპანიამ ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებშიც იფრინოს.
IndiGo საქართველოს ბაზარზე აგვისტოდან ოპერირებს. ავიაკომპანია დელი - თბილისი - დელის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 18 აგვისტოდან, კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.
"ჩვენი სურვილია Indigo რაც შეიძლება მეტ აეროპორტში იყოს წარმოდგენილი, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში. სულ რაღაც ერთი თვეა რაც ფრენა დაიწყო. ამ ეტაპზე ვაკვირდებით როგორი მოთხოვნაა ბაზარზე და როგორ განვითარდება მოვლენები. ასევე ვისურვებდი ინდოეთის სხვა ქალაქებიდანაც დაინიშნოს ფრენა მაგალითად მუმბაიდან, რადგან ეს გამტარუნარიანობას გაზრდის და უფრო მეტ მგზავრებს მოვიცავთ ინდოეთიდან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სეზონურად Indigo ბათუმის აეროპორტში ვიხილოთ, ხოლო ოთხ სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში",- აცხადებს სოფიო აზარაშვილი.