ერთ-ერთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენამდე 100 დღე დარჩა - საქართველო და რუმინეთი 21 ივნისიდან „უეფას“ 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ჩემპიონატის მასპინძელ სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართა და უკუთვლის საათები ჩაირთო, რომლებიც თბილისში - პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში - ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ, ხოლო ბათუმში ცენტრალური ბულვარის შესასვლელში განთავსდა.
თბილისში მიმდინარე ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძე გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფები და მაქვს შესაძლებლობა, დავაანონსო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემპიონატი, რომლის დაწყებამდე 100 დღე დარჩა. ძალიან მეამაყება როგორც დედაქალაქის მერს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში გაიმართება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება. გარდა ამისა, ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, რომ 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი საქართველოში და რუმინეთში გაიმართება. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, ფეხბურთი, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტად უყვართ და ძალიან მსიამოვნებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს წარმატება ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე და პროექტებზე, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ფეხბურთის განვითარებისთვის. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდა და ნორჩ ფეხბურთელებს მიმართა.
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ითამაშოთ ფეხბურთი და წარმატებით წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, მსოფლიოს გააცნოთ საქართველო, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია, უდიდესი კულტურა, რომლითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, როგორც გითხარით, 100 დღე დარჩა ამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების დაწყებამდე.
საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა, ქალაქები, კულტურა, ტრადიციები და ამით ვიამაყოთ. ვაჩვენოთ, როგორი სტუმარმასპინძლობა ვიცით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ჩემპიონატის ორგანიზატორებს, უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები. 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით შედგება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს და A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ჯგუფური ეტაპის ყველა თამაში დინამო არენაზე გაიმართება.