დღეს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის ფარგლებში, "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების როლსა და სამშობლოში მათი დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენ თანამემამულეები მთელ მსოფლიოს აცნობენ საქართველოს უნიკალურობას, ჩვენს ტრადიციებსა და კულტურას. მათი როლი ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად ემიგრანტების დაბრუნება რჩება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაბრუნებულ თანამოქალაქეებს საქართველოში ღირსეული სამუშაო და ცხოვრების პირობები დახვდეთ.
„მოხარული ვარ, რომ შარშან დაბრუნებულთა რიცხვმა ქვეყნიდან წასულების რაოდენობას მცირედით გადააჭარბა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ეს დინამიკა გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ქართულ სათვისტომოებს, ეკლესიის წარმომადგენლებს, სამრევლოებსა და ფოლკლორულ ანსამბლებს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას ემსახურება.




























