„ის, რაც უკრაინაში ხდება არის დიდი ტრაგედიაა. სუვერენული ქვეყნის მიმართ წარმოებული აგრესია და ომი უნდა შეწყდეს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ეწინააღმდეგება საერთო სამართლის წესებს.
"ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენასთან მიმართებით არის ის, რომ ყველა რესურსით დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოვაცხადეთ თანადგომა მათ მიმართ. ასევე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ომის და ესკალაციის რისკისგან დავაზღვიოთ, მინიმალური იყოს ეკონომიკური დანაკარგები. გარდა ამისა, გავაღრმაოთ დასავლური პერსპექტივა, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. სამი ათეული წელია ჩვენი ხალხი ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ბევრი რეფორმა გატარდა. დღეს ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, მას კიევის მერთან ვიტალი კლიჩკოსთან მეგობრობა აკავშირებს და სატელეფონო კომუნიკაცია მასთან დღესაც ჰქონდა.
„ვიტალი კლიჩკოსთან მეგობრობა მაკავშირებს და რა თქმა უნდა, მქონდა კომუნიკაცია, დღესაც ვესაუბრე. მესაუბრებოდა იქ მიმდინარე მოვლენებზე, იმ სირთულეებზე, რაც დღეს უკრაინაშია. ჩვენ ჩვენი მხრიდან აღვუთქვით მხარდაჭერა და დახმარება. მათი თხოვნა იყო, რომ ის ჰუმანიტარული ტვირთები, რომელიც საქართველოდან იგზავნება, ისეთი ქალაქებისთვის მიგვეწოდებინა, როგორიცაა ხარკოვი, მარიუპოლი, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ და თანადგომა სჭირდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერ ჰუმანიტარულ ღონისძიებებში არიან ჩართული.




























