"დილას პროდუქტების" დირექტორი გია ლობჟანიძე ამბობს, რომ ფასების კომისიის ფორმატში კონსტრუქციული საუბარი შედგა.
დღეს, პარლამენტში, „ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის“ პირველ სხდომაზე, ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის და კვერცხის მწარმოებლებს მოუსმინეს.
როგორც სხდომის შემდეგ გია ლობჟანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა ყველამ ერთად უნდა იმუშაოს პრობლემების გადაჭრაზე.
"ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. გამოიკვეთა პრობლემები, რის ირგვლივაც არის სამუშაო. ჩვენ ახლა ყველამ ერთად უნდა მივმართოთ ძალები იქითკენ, რომ რეალურად რაღაცა გავაკეთოთ და რეალურად იგრძნოს მოსახლეობამ ჩვენი ჩართულობა, ყველასი, კომპლექსურად.
ჩვენ დავსვით პრობლემები, ძალიან სკრუპულოზურად განვიხილეთ, მოგვისმინეს, ერთად ჩამოვყალიბდით რა უნდა გაკეთდეს და დავინახეთ სად არის პრობლემები და უნდა ვიმუშაოთ ახლა",- აცხადებს ის.
კითხვას, დღგ-ს შემცირების გარეშე რამდენად შესაძლებელია საკითხის გადაჭრა, გია ლობჟანიძე ასე პასუხობს: "დღგ-ს ნაწილს რაც შეეხება, ერთი რაღაცა არის ახლა, პირადად ჩვენს წარმოებასთან მიმართებაში ვიტყვი: მე მიმაჩნია კონკრეტულად რა, რომ ეს არის უსამართლობა უბრალოდ რა. იმიტომ, რომ კვერცხი რატომღაც დგას განყენებულ მდგომარეობაში. ეს მე მგონი არ არის სწორი და კარგი იქნება, თუ ამაზე ასე ვთქვათ, იქნება მიღწეული შეთანხმება, რაც საშუალებას მისცემს ადეკვატურად დააკლდეს ფასი პროდუქტს".




























