„ოცნების“ პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სურსათის ფასების საკითხთან დაკავშირებით ყველას დაუძახებენ და დაუსვამენ კითხვებს, რათა სწორი დასკვნები გამოიტანონ და ფასების შეამცირონ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
ის ამბობს, რომ იმის გასარკვევად თუ რატომ არის სურსათის ფასების მაღალი ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ.
„ჩვენ დავიანგარიშეთ როგორია და სად წარმოიქმნება ფასნამატი. ჯამური ფასნამატი არის 86% საქართველოს საზღვრიდან დახლამდე. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას. უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს და ამის საფუძველზე საზოგადოებას კონკრეტულ შედეგებს გავაცნობთ.
ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ამ მიზნით მე მივმართე ერთი მხრივ სამართალდამცავ უწყებებს, მეორე მხრივ საქართველოს პარლამენტს ვთხოვე გამოიყენოს თავისი ბერკეტები, რომ მაქსიმალურად სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი - სად არის ფასების შემცირების რესურსი. ამაზე მომზადდება ბუნებრივია სიღრმისეული დასკვნა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ იმ პროცესის საფუძველზე, რომელიც მალე დაიწყება და მალე უნდა დასრულდეს.
ყველას უნდა დავუსვათ შეკითხვები, მათ შორის თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს კითხვებს პასუხი. ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი ამ შეკითხვებზე, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ამ დასკვნების საფუძველზე მივაღწიოთ ფასების შემცირებას“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა. 24 დეკემბერს, სუს-მა სურსათის ფასების საკითხის დეტალური შესწავლის დაწყების შესახებ განაცხადა.




























