ეს არის უდიდესი გეოპოლიტიკური განაცხადი, რომელიც დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, - ასე შეაფასა EPRC-ის მკვლევარმა, შოთა ღვინერიამ ანაკლიის პორტის პროექტში მთავრობის მიერ ჩინური კომპანიის შემოყვანის გადაწყვეტილება.
როგორც მან გადაცემა “ანალიტიკაში” აღნიშნა, "ანაკლიის კონსორციუმიდან ამერიკული კომპანიის გაგდება და ჩინურის შემოყვანით, ყველაფერი ნათელია".
„ყველას ესმის, რატომ არის „ოცნების“ პრიორიტეტი ჩინური კომპანია. ჩინურ კომპანიასთან ადვილია კორუფციულ გარიგებებში შესვლა, „ატკატებზე“ და არაგამჭვირვალე პროცესების ფარგლებში მათთან თანამშრომლობა. რასაც "ოცნება" კომპანიას ფინანსური კუთხით მოსთხოვს, ისე დალაგდება ეს ბუღალტერია. მეორე მხრივ, ეს არის გეოპოლიტიკური განაცხადი, ვინაიდან როგორ შეიძლება საქართველოს,ერთი მხრივ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების გაღრმავების ჰაბად ხედავდე და გინდოდეს, რომ დასავლელ პარტნიორებთან გაამყარო ურთიერთობა და ამავდროულად დასავლეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში მყოფი ქვეყნის კომპანიას აძლევდე ერთადერთ და ყველაზე ძლიერ კოზირს და ჯოკერს, რომელიც გაგაჩნია იმისათვის, რომ შენ იყო რელევანტური შენი დასავლელი პარტნიორებისთვის.
ეს არის უდიდესი გეოპოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული ეფექტურობისა და ფინანსური გაუმჭვირვალობასთან ერთად, ადასტურებს კიდევ ერთხელ "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკურ ამოცანას, რაც ძალიან დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას და მის როლს დასავლეთისთვის და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა შოთა ღვინერიამ.
ამასთან, ღვინერიას მოსაზრებით, “ქართული ოცნების” გაცხადებული ამოცანაა, რომ საქართველო იქცეს რუსეთის სატელიტ პარტნიორ ქვეყნად.
"კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, რუსული მთავრობის ქმედებები არ იყო საკმარისი დესტრუქციის და საბოტაჟისთვის და კანდიდატის სტატუსი ქართველმა ხალხმა მაინც მიიღო თავისი ბრძოლით და აქტიურობით. ამაზე ძალიან დიდი საყვედური მიიღეს ["ქართულმა ოცნებამ"] მოსკოვიდან. უთხრეს, რანაირი პარტნიორები ხართ, საქმე ვერ გაგიფუჭებიათ, რისი საქმის გაკეთების იმედი უნდა გვქონდეს თქვენგანო და სასწრაფოდ როგორც გინდათ ისე ქენით, რომ საქართველოს და ევროკავშირის ერთ კონტექსტში ხსენება აღარ იყოს ორ კვირაშიო. ამ ფორსირებულ პროცესს ვუყურებთ ახლა. "ოცნების" გაცხადებული ამოცანაა, კანდიდატის სტატუსის შეჩერება, უვიზო მიმოსვლისა და ყველა სიკეთის შეჩერება, რაც აქამდე მიგვიღია და საქართველოს ოფიციალურად ბელორუსის მსგავსად, რუსეთის სატელიტი პარტნიორი ქვეყნად ჩამოყალიბება, სადაც რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რასაც მოისურვებს. "ოცნებამ" გვითხრა, რომ ამას აკეთებენ, და ქმედებებითაც და რიტორიკითაც ამას ვხედავთ“, - განაცხადა შოთა ღვინერიამ.