მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველას მოვუწოდებ, შეეგუონ ამ მოცემულობას, "ქართული ოცნება" კიდევ ბევრი წელი აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე - კობახიძე

კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არიან დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ამასთან, კობახიძემ დღეს, 5 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე დაადანაშაულა ევროკავშირი "დამხობის ძალების" მხარდაჭერაში.

"თუკი ვინმე დღემდე ფიქრობდა ხელისუფლების ცვლილებაზე, იქნებოდა ეს არჩევნების ფორმით თუ დამხობით, ყველას მინდა შევახსენო, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში არის "ქართული ოცნება", შემდეგ კი არჩევნები ტარდება.

აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ შეეგუონ ამ კონკრეტულ მოცემულობას. "ქართული ოცნება" კიდევ ბევრი წლის განმავლობაში აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის მართვაზე და ალბათ სასურველი იქნება პრაგმატული თვალსაზრისითაც ყველასთვის, რომ გადატვირთონ ურთიერთობები ქართველ ხალხთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და მის მმართველ ძალასთან, "ქართულ ოცნებასთან". ეს იქნებოდა მათი მხრიდან პრაგმატული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრს გაუჭირდეს ამის გაკეთება, როდესაც უხეშად ერეოდი არჩევნებში, როდესაც ღიად უჭერდი მხარს დამხობის მცდელობას, უცებ რთულია გადაწყობა ახალ რეალობაზე.

მზად ვართ დავივიწყოთ, მაგალითად, თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ელჩი შარშან პირდაპირ უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში და მოუწოდებდა ამომრჩეველს, მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის. ღია მოწოდებით გამოვიდა ამასთან დაკავშირებით. შეგვიძლია დავივიწყოთ ისიც, რომ ევროკავშირის პრესსპიკერი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის აქციას. მზად ვართ ყველაფერი დავივიწყოთ და გადავტვირთოთ ურთიერთობები. ეს არის ჩვენი გაწვდილი ხელი. მზად ვართ ყველასთან მეგობრობისთვის და ურთიერთობისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები