მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველას უნდა იმ შვეიცარიულ სოფლებში მოგზაურობა, სადაც გაზაფხულზე მისი დაქალი იყო"|ტუროპერატორის დაკვირვება

სოფო დარბაიძე

ტურისტული კომპანია Milky Way-ს თანადამფუძნებლის სოფო დარბაიძის შეფასებით, Milky Way-ს 13-წლიან ისტორიაში, 2025 წელი ყველაზე დაბალი მომგებიანობით ხასიათდება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ სირთულეები, ძირითადად, პოლიტიკური არასტაბილურობის და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკებით იყო განპირობებული.

Milky Way 10 წელზე მეტია, რაც გამყვანი ტურიზმის დარგში საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მსურველებს ევროპასა და აზიაში, როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ ტურებს სთავაზობს.

"ჩემი კომპანიის მაგალითზე და იმ კომპანიების, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ურთულესი წელი იყო, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა, რა თქმა უნდა. მათ შორის ლარის კურსის მდგომარეობაც, რადგან ნებისმიერ სერვისს ევროში ვყიდულობთ და ევროსთან მიმართებით ლარი როგორი გაუფასურებულია, ვხედავთ“, - ამბობს ის.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკების შესახებ საუბარი აქტიურად აისახა ჯავშნებზე - მგზავრებში გამოიწვია პანიკა და კომპანიის ფულადი ნაკადები მნიშვნელოვნად შეაფერხა.

"ჩემს მგზავრებში პანიკა იყო. არ იხდიდნენ თანხებს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, რათა [დაჯავშილი] სასტუმროებისთვის გადაგვეხადა. მოკლედ, [არასტაბილურობამ] ძალიან დაგვაზიანა... ახალი ტურების კეთება ვეღარ დავიწყეთ, რადგან კომპანიაში ფული არ შემოდიოდა“, - თქვა სოფო დარბაიძემ.

Milky Way-ს თანდამფუძნებელმა „წერტილთან“ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა გამყვან ტურიზმში არსებულ ტენდენციებსა და ქართველი მოგზაურების არჩევანის თავისებურებებზე.

სოფო დარბაიძე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ძირითადად ევროპის კონტინენტზე რჩება. მისივე თქმით, მომხმარებლისთვის ფასი და "პაფსა" პროდუქტია პრიორიტეტული.

„ქართველების საყვარელი მიმართულებებია იტალია და შვეიცარია... ბოლო პერიოდში, შვეიცარია არის პოპულარული, რადგან პირდაპირი ფრენებია, მაგრამ ყველას მაინცდამაინც იმ შვეიცარიულ სოფლებში უნდა მოგზაურობა, სადაც მისი დაქალი იყო გაზაფხულზე, ჩემს ტურზე. მთხოვენ ზუსტად იგივე მარშრუტს და მე აღარ მინდა ზუსტად იგივე... მინდა, რაღაც განსხვავებული ვაჩვენო, იმიტომ რომ ევროპული ქვეყნები პატარა არაა და არც მხოლოდ დედაქალაქებია საინტერესო - უამრავი ლამაზი ქალაქი და სოფელია. თან ვცდილობ ხოლმე, ქართველებისთვის მარშრუტები ავაწყო ისე, რომ ქართველ ადამიანს დავანახვო, რომ კი, ჩვენ კარგი ბუნება გვაქვს, ის, რაც სამყარომ დაგვაბერტყა, მაგრამ ჩვენ რას ვქმნით - ეს არის მნიშვნელოვანი. ერმა, ადამიანებმა, ასე მგონია, იმით უნდა იამაყონ, თვითონ რა შექმნეს და რა მიამატეს ბუნების საოცრებას... ამდენად, ვცდილობ, ტურისტები მივიყვანო ისეთ ევროპულ სოფლებში, სადაც როგორღაც ადამიანებმა მოახერხეს და ტურიზმიც არსებობს, შემოსავალიც არსებობს, მაგრამ არ დაამახინჯეს ადგილები ისე, როგორც მაგალითად, ჩვენ დავამახინჯეთ ძალიან ბევრი სოფელი, დაბა თუ ქალაქი“, - გვიყვება ტუროპერატორი.

მას ასევე აწუხებს ის ფაქტი, რომ ქართველ მომხმარებელში იმატა კითხვებმა იაფი კვებისა და განთავსების შესახებ, რაც ტურმენეჯერის შეფასებით, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ზრდაზე მიუთითებს.

„ტურისტულ ჯგუფებში ყველა კითხულობს და მათ შორის, როცა ჩვენც მოგვმართავენ, დიალოგი იწყება კითხვებით - „სად ვჭამო იაფად? სად დავიძინო იაფად?“ მეტს არაფერს აქვს მნიშვნელობა და ეს კარგად აჩვენებს იმას, რომ საქართველოს საკმაოდ გაუჭირდა. თითოეულ მოქალაქეს ჯიბეზე დაეტყო... ასეთი კითხვები ადრე არ იყო", - ამბობს სოფო დარბაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები