კომპანია "მილმართის" ("ჩაი შემოქმედი") დირექტორი, გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ გამოწვევები საკმაოდ ბევრია, მათ შორის ადგილობრივი პროდუქციის ცნობადობის და ასევე ქსელებისგან რეალიზებული პროდუქციის თანხის დროულად გადახდის ნაწილში.
მან ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა. დღეს, სხდომაზე ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა იმართება.
"მთავარი პრობლემა მე ვიტყოდი არის ცნობადობა, პოპულარიზაცია, რაშიც ხელი უნდა შეგვიწყოს იგივე, ადგილობრივი ბაზარი იქნება თუ მარკეტების ქსელი.
მე ადგილობრივ წარმოებას წარმოვადგენ და ანუ ამ მხრივ ვიტყვი, [ფასების შემცირებაზე] შეიძლება შეთანხმება ორივე მხრიდან. ძირითადად, მე ვფიქრობ, მაინც თვითონ სარეალიზაციო ბაზარზე, მარკეტების ქსელმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, იმიტომ რომ მათგან არის უფრო მეტად, ეს პროცენტულად რომ ავიღოთ, გაძვირება. ძალიან ბევრი გადასახადია დაკისრებული ადგილობრივ მწარმოებელზე და მათ შორის ნუ ყველაზე დიდი პრობლემა, მე ვიტყოდი, არის რეალიზებული პროდუქციის თანხის დროულად არ გადახდა", - ამბობს გიორგი მაისურაძე.
გადასახადებზე კითხვის საპასუხოდ, ის აღნიშნავს, რომ ამ მხრივ წნეხს დიდ პრობლემად ვერ ხედავს და დასძენს, რომ კომუნალურებიც ერთ-ერთი წინაპირობაა ფასების ზრდის.
"ჩვენ მაგალითად ელექტროენერგიაზე გვაქვს სრულიად [წარმოება] და საკმაოდ, ნუ თვითღირებულებას საკმაოდ ზრდის"- აღნიშნავს ის.




























