მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე ძლიერი ჰოსპიტალური ბრენდები გლობალურად - 2026 წლის რეიტინგი

ჰოპკინსი

თანამედროვე მედიცინაში კლინიკის წარმატებას მხოლოდ მკურნალობის ხარისხი აღარ განსაზღვრავს - გადამწყვეტ ფაქტორებს შორის „ბრენდის სიძლიერის ინდექსიც” ექცევა. ეს მაჩვენებელი პირდაპირ აისახება პაციენტების ნდობაზე, საუკეთესო კადრების მოზიდვასა და კვლევების დაფინანსებაზე. გლობალურ კონკურენციაში სწორედ ბრენდის სიძლიერე განაპირობებს, თუ რომელი სამედიცინო ცენტრი ლიდერობს რეპუტაციითა და გავლენით.

სწორედ ამიტომ სამედიცინო ცენტრებს Brand Finance-ი “საუკეთესო საავადმყოფოების” ანგარიშში აფასებს. სამედიცინო ბრენდები აქ „ბრენდის სიძლიერის ინდექსით” ფასდება, რომელიც ჯანდაცვის 2 500 სპეციალისტის გამოკითხვას და 500-ზე მეტი სამედიცინო ცენტრის 30-ზე მეტ პარამეტრს ეფუძნება.

Brand Finance-ის მიერ ჩატარებული კვლევა სამ ძირითად კრიტერიუმს ეფუძნება: პაციენტთა მკურნალობა, კვლევა და განათლება/ტრენინგი. ეს მიმართულებები ჯანდაცვის ეკოსისტემის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს წარმოადგენს და თითოეული მათგანი აკადემიური სამედიცინო ცენტრების განვითარებასა და წარმატებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

1. ჯონს ჰოპკინსის მედიცინა

„ჯონს ჰოპკინსის მედიცინამ“ მსოფლიოს უძლიერესი ჰოსპიტალური ბრენდის სტატუსი წელს ზედიზედ მეორედ დაიმსახურა. 2026 წელს „ჯონს ჰოპკინსის“ ბრენდის სიძლიერის ინდექსი 100-დან 83.3 ქულას შეადგენს..

რეიტინგში „ჯონს ჰოპკინსის“ ლიდერობა მისი გამორჩეული რეპუტაციითა და პაციენტთა მოვლის საკვანძო მეტრიკებში ნაჩვენები ძლიერი შედეგებით აიხსნება. კვლევაში მონაწილე ბრენდებს შორის, მან უმაღლესი ქულა მიიღო უახლეს კლინიკურ კვლევებზე წვდომის“ კატეგორიაში. ჯანდაცვის სპეციალისტები „ჯონს ჰოპკინსს“ დადებითად აფასებენ კვლევითი საქმიანობის, სამეცნიერო მიღწევებისა და საუკეთესო სტუდენტების მოზიდვის უნარის გამო. ეს ფაქტორები ხელს უწყობს ბრენდის მაღალ ცნობადობას როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონზე.

2. ოქსფორდის საუნივერსიტეტო საავადმყოფოები

„ოქსფორდის საუნივერსიტეტო საავადმყოფოები“ მსოფლიოს მეორე უძლიერეს ჰოსპიტალურ ბრენდად რჩება და მისი სიძლიერის ინდექსი 82.0 ქულაა. ბრენდის სიძლიერეს კვლევასა და სწავლებაში მაღალი რეპუტაცია განაპირობებს. ჯანდაცვის სპეციალისტები ოქსფორდის საავადმყოფოებს მჭიდროდ უკავშირებენ „ახალი კვლევებისა და ნაშრომების შექმნასა და „საუკეთესო სამედიცინო სტუდენტების მოზიდვას“. ორგანიზაცია ფართოდაა აღიარებული ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო სასწავლო პროგრამითა და გლობალური კვლევითი რეპუტაციით.

როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის მთავარი სასწავლო ბაზა, სამედიცინო ცენტრი მსხვილი ეროვნული გრანტებით, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით და გამორჩეულად ძლიერი აკადემიური თუ კლინიკური ქსელებით სარგებლობს. ეს უპირატესობები კოლაბორაციისთვის, ტრენინგებისა და პაციენტთა მკურნალობისთვის საუკეთესო პრაქტიკის სწრაფად დანერგვისთვის შესაძლებლობებს ქმნის.

3. სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი

„სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი“ ორი საფეხურით დაწინაურდა და 2026 წელს მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. სტენფორდის აღმასვლა, 81.5 ქულით, ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის ბრენდის გამორჩეულად მაღალ ცნობადობასა და ინფორმირებულობას ასახავს, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონზე. ამას ემატება მაღალი კვლევითი რეპუტაცია და მეცნიერული მიღწევები.

4. "მას ჯენერალ ბრიგამი"

მეოთხე ადგილს 80.8 ქულით „მას ჯენერალ ბრიგამი“ იკავებს. ის მართავს ორ აკადემიურ სამედიცინო ცენტრს - „მასაჩუსეტსის გენერალურ საავადმყოფოსა“ და „ქალთა საავადმყოფოს“, ასევე სპეციალიზებულ და სათემო საავადმყოფოებს, შინმოვლის სერვისს, გადაუდებელი დახმარების ცენტრებსა და ლიცენზირებულ ჯანდაცვის გეგმას.

5. მეიოს კლინიკა

ხუთეულს „მეიოს კლინიკა“ ასრულებს, რომლის შეფასებაც, ბრენდის სიძლიერის ინდექსით 80.6 ქულაა. მის ინფრასტრუქტურაში შედის 16 საავადმყოფო, 53 მულტიპროფილური კლინიკა და ერთი მობილური ჯანმრთელობის ცენტრი.

შესაბამისად, მსოფლიოში წამყვანი ხუთი ჰოსპიტალური ბრენდიდან ოთხი ამერიკულია, ერთი კი - ბრიტანული. საუკეთესო ათეულში ასევე შედიან: „ინდოეთის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტი“, „საუნივერსიტეტო ჯანდაცვის ქსელი“, „კლივლენდის კლინიკა“, „კემბრიჯის საუნივერსიტეტო საავადმყოფოები“ და „სინგაპურის გენერალური საავადმყოფო“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები