რომელია ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული სუვენირი, რომელიც ოდესმე გაყიდულა? ბოლო წლების განმავლობაში სპორტული კოლექციონერობის ბუმის ფონზე, ეს პასუხი მუდმივად იცვლება. ბოლო ათწლეულში, საშუალოდ, თითქმის ყოველ წელს ჩნდება ახალი სპორტული ისტორიის ნიმუში, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულად ინათლება.
მეორე მხრივ, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია დამოწმების მეთოდების გაუმჯობესება. მაგალითად, ფოტოსთან შედარებისა და მასალების ექსპერტიზის ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ კოლექციონერები უფრო დიდი თავდაჯერებით ყიდულობენ ნივთებს, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ნამდვილია.
მაგრამ უფრო ძირეულად, სპორტული სუვენირების ფასების ზრდა გამოწვეულია თავად სპორტის უნიკალური უნარით, შექმნას დაუვიწყარი და ფართოდ აღიარებული დიდების მომენტები. მრავალი წლის განმავლობაში სპორტულ კოლექციონერობაში დომინანტი იყო ბეისბოლი, რაც არც არის გასაკვირი, ვინაიდან ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. დღესდღეობით, ბაზარზე მხოლოდ ბეისბოლი აღარ დომინირებს, თუმცა ის სავარაუდოდ კვლავ მაღალფასიანი სუვენირების ბაზრის ნახევარს მაინც შეადგენს. ახლა სიაში ვხვდებით კალათბურთს, ფეხბურთს, კრივს და ოლიმპიადასაც კი.
ყველაზე ძვირად გაყიდული სპორტული ნივთები კი ასე გამოიყურება:
1932 წლის ბეიბ რუთის “Called Shot” მაისური – $24.1 მილიონი
სააუქციონო სახლმა Heritage-მა გასაყიდად გამოიტანა რუთის “ნიუ იორკ იანკის” მაისური, რომელიც სპორტსმენს 1932 წლის მსოფლიო სერიის მესამე თამაშში ეცვა. მაისური 24,12 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითაც ყველა რეკორდი მოხსნა და გახდა ყველაზე ძვირად გასხვისებული სპორტული ნივთი აუქციონების ისტორიაში.
ბეიბ რუთის მაისურს დიდი ისტორია გააჩნია ის 1990 წელს კერძო კოლექციონერმა უცნობი ქალბატონისგან 150 ათას დოლარად შეიძინა, თავად მანდილოსანს კი მაისური მამისგან დარჩა, რომელსაც ეკიპირება პირადად რუთმა უსახსოვრა. 1999 წელს მაისური 284 ათას დოლარად ბალტიმორის მუზეუმმა შეიძინა და 2005 წელს “ნიუ იორკ იანკისს” 940 ათას დოლარად მიჰყიდა. ცნობისთვის, ამჟამინდელმა მფლობელმა ვინაობის გამხელა არ ისურვა.
1952 წლის მიკი მენტლის ბარათი – $12.6 მილიონი
ეს უნაკლო მდგომარეობაში მყოფი ბარათი, რომელიც ეკუთვნის ბეისბოლის დიდების დარბაზის წევრ მიკი მენტლის, აუქციონზე 2022 წლის აგვისტოში გაიყიდა და წინა რეკორდულ ფასს ორჯერ გადააჭარბა.
„მენტლი იდეალურ შტორმს წააგავს. ის ახალბედა იყო 1951 წელს, ამიტომ ბევრი ბეიბი ბუმერი საკუთარი თვალით ხედავდა მის თამაშს,“ — თქვა კრის აივიმ, Heritage Auctions-ის სპორტული სუვენირების დირექტორმა, რომელმაც ბარათი გაყიდა. „იანკები მისი კარიერის პირველი 10 წლის განმავლობაში დომინანტები იყვნენ — რვაჯერ გავიდნენ მსოფლიო სერიაში, და მენტლი გახდა თითქმის ისეთივე ლეგენდარული ფიგურა, როგორც ბეიბ რუთი.“
ბარათი კოლექციური ნივთის საზღვრებს გასცდა და პოპ კულტურის აიქონად იქცა, რაც აძლიერებს მის სიძვირფასეს.
1998 წლის მაიკლ ჯორდანის NBA ფინალის “ჩიკაგო ბულზის” მაისური – $10.1 მილიონი
ჯორდანი იმ პერიოდში NBA-ის უდავო ლიდერი იყო და ბევრი მას ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედაც მიიჩნევს. 1997-98 წლების სეზონის “ბულზის” ბოლო ჩემპიონობა დეტალურად გაშუქდა 2020 წლის პოპულარულ ESPN დოკუმენტურ ფილმში “The Last Dance”, რომელიც ჯორდანის მეხუთე (და ბოლო) MVP სეზონსა და მოულოდნელ პენსიაზე გასვლას ეხება. Sotheby’s-მა მაისური 2022 წლის სექტემბერში 10.1 მილიონ დოლარად გაყიდა და რაც ყველაზე უცნაურია, ჯორდანი ამ მაისურით პირველ თამაშში ასპარეზობდა, რომელშიც დამარცხდა.
დიეგო მარადონას “ღმერთის ხელი” მაისური – $9.3 მილიონი
მარადონას ეს ცნობილი მაისური 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ეცვა, როცა პირველ ტაიმში “ღმერთის ხელით” გაიტანა გოლი, რაც მსაჯს არ შეუმჩნევია. მეორე ტაიმში კი მოედნის ნახევარი გაიარა და ექვსი მცველი მოატყუა და მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. მაისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ნივთია $9,3 მილიონიანი შეფასებით.
პირველი ოლიმპიური თამაშების მანიფესტი – $8.8 მილიონი
ეს ორიგინალი, ხელნაწერი მანიფესტი პიერ დე კუბერტენის მიერ 1892 წელს დაიწერა და ის სპორტის იდეალად ქცევის ხედვას გადმოსცემს, როგორც ხალხთა შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი. კუბერტენმა ორ წელში დააარსა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. Sotheby’s-მა ეს იშვიათად ხილული დოკუმენტი 2022 წლის დეკემბერში აუქციონზე გაყიდა და უნდა აღინიშნოს, რომ სპორტის მოყვარულთათვის ამ 14-გვერდიან დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.
ლიონელ მესის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოყენებული მაისურები – $7.8 მილიონი
გენიალურმა არგენტინელმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ქვეყანა ჩემპიონობამდე მიიყვანა, რაც მარადონას 1986 წლის გამარჯვების შემდეგ პირველი იყო. მესიმ გაყიდული ექვსივე მაისური პირველ ტაიმებში ატარა ჯგუფური ეტაპის, ნახევარფინალისა და ფინალის დროს და ოთხი გოლი გაიტანა. Sotheby’s-მა მაისურები 2023 წლის დეკემბერში გაყიდა. ისინი მესის გამორჩეული საერთაშორისო კარიერის სიმბოლოდ მიიჩნევა. აუქციონი ვენჩურული კაპიტალის მიერ იყო მხარდაჭერილი, რომლის ერთ-ერთი ინვესტორიც მილიარდერი სტივ კოენი გახლდათ.
ჰონუს ვაგნერის T-206 ბეისბოლის ბარათი – $7.25 მილიონი
ეს იშვიათი ბარათი ბეისბოლის დიდების დარბაზის წევრს ჰონუს ვაგნერს ეკუთვნის და დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ სუვენირად. ვაგნერმა ბარათების გამოშვება 1911 წელს გააჩერა, როცა გაიგო, რომ მათ ზურგზე სიგარეტის რეკლამა იყო, ხოლო T-206 ეწოდება იმიტომ, რომ მხოლოდ 206 ეგზემპლარი გამოუშვეს, რომელთაგან მხოლოდ 50 რჩება დღეს.
1914 წლის ბეიბ რუთის პირველი სეზონის ბარათი – $7.2 მილიონი
ბეიბ რუთი ითვლება თავისი ეპოქის უდიდეს მოთამაშედ და ალბათ ყველა დროის ყველაზე გავლენიან ბეისბოლისტად, რომელმაც თავის სპორტს უდიდესი პოპულარობა მოუტანა. თუმცა ამ ბარათზე ის არც „იანკების“, არც „რედ სოქსის“ მაისურით არ არის, არამედ ბალტიმორის “ორიოლსის” ფორმაშია, რომელიც მაშინ დაბალ ლიგაში თამაშობდა. ამ ბარათის მხოლოდ 10-მდე ეგზემპლარის არსებობაა ცნობილი, რომელთაგან ერთ-ერთი 2023 წელს Robert Edward Auctions-მა გაყიდა.
კობი ბრაიანტის 1996-1997 წლების “ლეიკერსის” სადებიუტო სეზონის მაისური – $7 მილიონი
მაისური, რომლითაც ლეგენდარულმა კალათბურთელმა კობი ბრაიანტმა სადებიუტო შეხვედრაში, 1996/97 წლების სეზონში იასპარეზა, “სოთბის” აუქციონზე შვიდ მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ღირებულება საკალათბურთო ეკიპირებაში გადახდილი თანხის ოდენობით მეორე შედეგია ისტორიაში. თავად ბრაიანტის გაყიდული რელიქვიებიდანაც ეს ნივთი ყველაზე ძვირად ღირებულია, ვინაიდან აქამდე უძვირფასესად მისი 2008 წელს საუკეთესო მოთამაშის წოდების მიღებისას ნაცვამი ეკიპირება ითვლებოდა.
“სოთბის” აღნიშნულ მაისურს აფასებს, როგორც ხიდს თინეიჯერის საოცარ პოტენციალსა და იმ დახვეწილ სიდიადეს შორის, რომელიც მის გზას მოჰყვა. აქამდე ეს მაისური 2012 წელს $115 ათას დოლარად იყო გასხვისებული.
მუჰამედ ალის “ბრძოლა ჯუნგლებში” ქამარი – $6.2 მილიონი
ალბათ კრივის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ბრძოლა და მისი ყველაზე ცნობილი მონაწილეები, მუჰამედ ალისა და ჯორჯ ფორმენის სახით, რომლებიც 1974 წელს ზაირში შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის. იმ დროისთვის ალი აუტსაიდერად ითვლებოდა, ბრძოლისას განზრახ მისცა ფორმენს შესაძლებლობა ბევრჯერ დაერტყა, რათა დაეღალა, შემდეგ კი მერვე რაუნდში მას ნოკაუტი მოუწყო. ტიტულის ქამარი 2022 წელს Heritage Auctions-ზე NFL-ის მფლობელმა ჯიმ ირსაიმ იყიდა.