ავტორი: სალომე ზაალიშვილი
ოქტომბერში, აუქციონებზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნახატების TOP-10 შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ოქტომბრის თვის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი დორა მაარის პორტრეტი გახდა. ნახატი, რომელიც 1944 წლის შემდეგ არ გამოჩენილა, ექსპერტებს დაკარგულად მიაჩნდათ. გასულ თვეში ნახატი რეკორდულ 32 მილიონ ევროდ გაიყიდა, რაც 37 მილიონ აშშ დოლარს უდრის. პიკასოს თავისი მუზა ამერიკელი ფოტოგრაფი და მხატვარი დორა მაარი არაერთხელ ჰყავს ტილოზე გამოსახული, აუქციონზე გაყიდული ნახატი, ექსპერტების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო ნიმუშია ამ თემაზე შესრულებული ნამუშევრებიდან. დორა მაარის კიდევ ერთმა პორტრეტმა გასულ თვეში სააუქციონო რეკორდი დაამყარა აზიაში.
დორა მაარის პორტრეტი | $37 მილიონი
პაბლო პიკასო
2. გასულ თვეში ამადეო მოდილიანის ორი ფერწერული ნამუშევარი გამოვიდა აუქციონზე. 26 მილიონ ევროდ (29.8 აშშ დოლარად) გაყიდულ პორტრეტზე მოდილიანის ერთ-ერთი მუზაა გამოსახული. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ელვირას სახელითაა ცნობილი, მოდილიანის ოთხ ტილოზე ჩნდება. ნამუშევარი მოდილიანიმ გარდაცვალებამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე შექმნა.
აღსანიშნავია, რომ მოდილიანიმ თავისი მოკლე, მაგრამ ტურბულენტური კარიერის მანძილზე მხოლოდ 500-დან 600-მდე ნამუშევარი შექმნა, მის შემოქმედებას აუქციონებზე იშვიათად შეხვდებით, ბოლო წლის განმავლობაში ზეთში შესრულებული მოდილიანის მხოლოდ ოთხი ტილო გაიყიდა.

ელვირას პორტრეტი | $26 მილიონი
ამადეო მოდილიანი
3. ივ კლაინის მასიური ტილო სახელწოდებით კალიფორნია მხატვრისთვის დამახასიათებელი კლაინის საერთაშორისო ლურჯი საღებავითაა შესრულებული, საღებავის გამოყენება კლაინმა 1957 წლიდან დაიწყო, აუქციონზე 21 მილიონ აშშ დოლარად გაყიდული ნახატი კი 1961 წელს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე შექმნა.

კალიფორნია | $21 მილიონი
ივ კლაინი
4. ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვრის, ნი ცანის, 14-ე საუკუნის ეს პეიზაჟი, პირველი ნამუშევარი გახდა, რომლის ფასმაც აზიაში მიმდინარე სააუქციონო სეზონზე 100 მილიონ ჰონკონგურ დოლარს გადააჭარბა. ნი ცანის მდინარის პავილიონი, მთების ფერები (River Pavilion, Mountain Colours) 160 მილიონ ჰონკონგურ დოლარად (20.7 მილიონ აშშ დოლარად) გაიყიდა, რითაც ის Christie's-ის მიერ აზიაში დღემდე გაყიდულ ჩინურ ნახატებს შორის მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული გახდა.
იუანის დინასტიის ოთხი ოსტატიდან ერთ-ერთი, ნი ცანი (1301-1374), ცნობილია მელნით შესრულებული მინიმალისტური, თითქოს მედიტაციური პეიზაჟებით.

მდინარის პავილიონი, მთის ფერები | $20.7 მილიონი
ნი ცანი
5. 1994 წელს შესრულებულ ორმეტრიან ტილოზე - სათხილამურო ქურთუკი (Ski Jacket), სათხილამურო ფერდობია ასახული, რომელიც პოლარული ციალის ფერებითაა ამონათებული. პიტერ დოიგის, თანამედროვეობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი მხატვრის ამ ნახატის საბოლოო ღირებულებამ 14 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც 19 მილიონ აშშ დოლარს უდრის.

სათხილამურო ქურთუკი | $18.5 მილიონი
პიტერ დოიგი
6. ფრანცის ბეკონის ნამუშევარი საინტერესო იმითაა, რომ თავდაპირველად უფრო დიდი ზომის ტილოს ნაწილი იყო, ნახატის მეორე ნახევარი, ორი ფიგურა (Two Figures), Christie’s-ის აუქციონზე 2016 წელს 5.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ნახატზე ფრანცის ბეკონი თავის პარტნიორთან ერთადაა გამოსახული, მათ ბარის სკამზე მჯდარი ჯუჯა უყურებს. ბეკონის მიერ გამოსახული ჯუჯები მასა და XVII საუკუნის ესპანეთის სამეფო კარის მხატვარ დიეგო ველასკესს შორის დიალოგის ნაწილია. ველასკესი ნამუშევრებში ხშირად აღბეჭდავდა სამეფო კარზე მომუშავე ჯუჯებს, საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ძირითადად ჯამბაზებად მუშაობდნენ.
ბეკონი ხშირად ანადგურებდა, ცვლიდა ან სულაც არ ასრულებდა ნამუშევრებს, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მან ტილო შუაზე გახლიჩა. მისი გადაწყვეტილებით, რომ ეს ნახატები ერთმანეთისთვის დაეშორებინა, ორი მკვეთრი იდეის მქონე ტილო მიიღო.
ნახატის უნიკალურობამ ნამდვილად იმოქმედა მყიდველზე, რადგან ოქტომბრის თვეში ეს მეექვსე ყველაზე ძვირად გაყიდული ნახატია, მისმა საბოლოო ფასმა 13.1 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც 17 მილიონ აშშ დოლარს უდრის.

ჯუჯის პორტრეტი (მარჯვენა ტილო)| $17 მილიონი
ფრანცის ბეკონი
7. ავაზები კლდოვან პეიზაჟზე, ბასავანის, მოგოლთა საიმპერატორო კარზე მსახური მხატვრის 1575-80 წლებში შესრულებული ნამუშევარია.
მოგოლთა პერიოდის ხელოვნება სპარსული მინიატურის, ადგილობრივი ინდური ტრადიციების და დასავლური ტექნიკების სინთეზია. სწორედ ამიტომ ბასავანის ეს ნამუშევარი მნიშვნელოვანი მაგალითია მოგოლთა ადრეული პერიოდის მხატვრობის, მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ნახატებში ბუნების სცენების ასახვა. მოგოლთა იმპერიამ 300 მეტი წელი იარსება და ამ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუში შექმნა, მოგოლთა კულტურული მემკვიდრეობის მაგალითია ტაჯ-მაჰალი.

ავაზები კლდოვან პეიზაჟზე | $13.3 მილიონი
ბასავანი
8. 24 ოქტომბერს პარიზში ჩატარებულ სიურრეალისტური ხელოვნების აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი გახდა რენე მაგრიტის შავი მაგია, ნახატის საბოლოო ღირებულებამ 12.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ოქტომბრის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატების სიაში რიგით მერვე გახდა. მაგრიტს მსგავსი თემატიკის ჯანში 10 ნახატი აქვს შექმნილი, მათი უმრავლესობა კერძო კოლექციებში ინახება.
ბოლო წლებში მაგრიტის ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს, გასულ წელს ისტორიაში პირველად მაგრიტის ნახატი 100 მილიონ აშშ დოლარზე უფრო ძვირად გაიყიდა, ნახატის L’empire des Lumières საბოლოო ფასმა 121 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

შავი მაგია | $12.2 მილიონი
რენე მაგრიტი
9. მოდილიანის სიაში მეორე ნამუშევარი, სავარაუდოდ ახალგაზრდა ფრანგი მწერლის რეიმონდ რადიგოს პორტრეტი სიაში მეცხრე ადგილს იკავებს, ნახატის საბოლოო ღირებულებამ 12.19 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მოდილიანის ყველაზე ძვირად ღირებული პორტრეტია 1919 წელს შესრულებული მისი მეუღლის და მთავარი მუზის პორტრეტი - ჟანა ებუტერნი (შარფით) (Jeanne Hébuterne (au foulard)), რომელიც 2016 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე 38.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, რაც 51.3 მილიონ აშშ დოლარს უდრის.

რეიმონდი | $12.19 მილიონი
ამადეო მოდილიანი
10. პიტერ დოიგის სიაში მეორე ტილოა, Country Rock, რომელზედაც კანადაში ერთ-ერთი გზის ქვეშ არსებული გვირაბის ცისარტყელით მოხატული შესასვლელია გამოსახული. ნახატი 9.2 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, რაც 12 მილიონ აშშ დოლარს უდრის. პიტერ დოიგის დღემდე ყველაზე ძვირად ღირებული ნახატია 2021 წელს Christie's-ის აუქციონზე 39.86 მილიონ აშშ დოლარად გაყიდული Swamped (1990)
Country Rock | $12 მილიონი
პიტერ დოიგი



























