მსოფლიოში უნიქორნ კომპანიების ჯამური ოდენობა 1240-ს შეადგენს, რომელთა ჯამური კუმულაციური შეფასება 3 ტრილიონ 912 მილიარდ დოლარად განისაზღვრება. უნიქორნ კომპანია, იგივე უნიქორნ სტარტაპი ის კომპანიაა, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ანალიტიკური კომპანია CB Insights მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული უნიქორნ კომპანია ჩინური ByteDance-ია. სოციალური პლატფორმა TikTok-ის მფლობელი ByteDance-ის ღირებულება 225 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მეორე ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპის ტიტული ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა მიიღო. მისს ღირებულება, CB Insights-ის მონაცემებით, 150 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის მიღმა აღსანიშნავია ისიც, ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპების რეიტინგში SpaceX ერთადერთი წარმომადგენელია ინდუსტრიული კატეგორიიდან.
მესამე პოზიციას კვლავ ამერიკული უნიქორნ კომპანია, ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI იკავებს. მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული პლატფორმა, 80 მილიარდ დოლარად ფასობს.
ამერიკული კომპანიების შემდეგ, მეოთხე პოზიციაზე კვლავ აზიური უნიქორნი ხვდება. სინგაპურში დაფუძნებული სწრაფი მოდის ბრენდი Shein-ი 66 მილიარდი დოლარის ღირებულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სტარტაპად პოზიციონირებს.
ზოგადად, რეიტინგის რომ გადავხედოთ, ამერიკული კომპანიების აშკარა დომინირებას შევამჩნევთ. ათეულიდან 6 კომპანია სწორედ ამ ქვეყანას მიეკუთვნება.
მე-5 პოზიციაზე $65-მილიარდიანი შეფასებით ფინტექ-კომპანია Stripe-ი გვხვდება, მე- 6 ადგილს კი 43 მილიარდ დოლარად შეფასებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Databricks-ი იკავებს.
ამერიკის მიღმა, ჩინეთისა და სინგაპურის მსგავსად რეიტინგში თითო წარმომადგენელი ჰყავს გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიას. ბრიტანული უნიქორნ კომპანიებიდან ყველაზე ძვირად ღირებულთა სიაში ნეობანკ-კომპანია Revolut-ი ხვდება, რომლის ღირებულებაც 33 მილიარდ დოლარად ფასდება.
ხოლო ავსტრალიას, 2013 წელს დაფუძნებული გრაფიკული დიზაინის კომპანია Canva წარმოადგენს, რომლის ღირებულებაც 25 მილიარდ დოლარს უტოლდება.
CB Insights-ის მიერ შედგენილ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული უნიქორნ კომპანიების რეიტინგს კიდევ ერთი ამერიკული სტარტაპი ხურავს - გართობის ინდუსტრიის უმსხვილესი წარმომადგენელი, თამაშების მწარმოებელი Epic Games-ი, რომელიც 23 მილიარდ დოლარად ფასდება.