მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე იაფიანი ავტომობილები, რომლებიც EU-ის ბაზარზე იყიდება

fiat panda

ევროკავშირი, რომელიც 27 ქვეყანაში მცხოვრებ 450 მილიონ ადამიანს აერთიანებს, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, დინამიკური და, რაც მთავარია, ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი ბაზარია პლანეტაზე. ევროკავშირი ბევრი რამით არის განთქმული, მაგრამ განსაკუთრებით დიდი წვლილი ევროპულ სახელმწიფოებს საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში მიუძღვით. წამყვანი საავტომობილო ბრენდები, მათ შორის Porsche, Volkswagen, BMW, Mercedes-Benz, Ferrari და Lamborghini, სწორედ ევროპული კომპანიები არიან, რაც ევროპელების მხრიდან მანქანების სიყვარულს კიდევ უფრო ადასტურებს.

თუმცა განსაკუთრებული სილამაზის და სიმძლავრის ავტომობილებთან ერთად, ევროპელებს განსაკუთრებით უყვართ მცირე ზომის ავტომობილები, რომელთა დახმარებით ძველი ევროპული ქალაქების ქუჩებში უპრობლემოდ გადაადგილდებიან. სწორედ ასეთ ავტომობილებს ქმნიან შედარებით ბიუჯეტური ევროპული ავტომწარმოებელი კომპანიები, მათ შორის Renault, Fiat, Peugeot და OPel, რაც ნაწილობრივ, ავტოწარმოების სუბსიდირებით აიხსნება. ასეთი ავტომობილები, როგორც წესი, კომპაქტურობით და ბიუჯეტურობით გამოირჩევიან. დღეს, იმ ყველაზე იაფიან ავტომობილებს გაგაცნობთ, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.

ყველაზე იაფიანი ავტომობილი, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე იყიდება, ფრანგულმა Citroën-მა შექმნა და სულ რაღაც 8,000 ევრო ღირს. Citroën Ami კომპაქტური ელექტრო კვადროციკლია, რომელიც ქალაქის შიდა გადაადგილებისთვის შეიქმნა. ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 45 კილომეტრია საათში, ხოლო ელემენტების სრული დამუხტვით ის 75 კილომეტრს გადის. Citroën Ami, რომლის დანახვა თბილისის ქუჩებშიც შეიძლება, მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა და ძირითადად ახალგაზრდა, ახალბედა მძღოლებისთვისაა განკუთვნილი.

ევროკავშირის ბაზრისთვის იაფიან ავტომობილებს რუმინული Dacia-ც ქმნის, რომელიც 1999 წელს ფრანგული Renault-ს შემადგენლობაში გადავიდა. Dacia, რომელიც 1966 წელს დაფუძნდა, რეალურად, სწორედ იაფიანი, მაგრამ შედარებით გამძლე ავტომობილებითაა ცნობილი, რომლებსაც მომხმარებლები სარფიან შეთავაზებად აფასებენ. ევროკავშირის ბაზარზე Dacia რამდენიმე მოდელით არის წარმოდგენილი, რომელთა შორის ყველაზე იაფი Dacia Sandero-ა, რომლის ფასი 13,795 ევროდან იწყება.

ევროკავშირის ბაზარზე გაყიდული იაფიანი ავტომობილების ჩამონათვალში, ასევე, მოხვდა იტალიური Fiat, რომელიც მცირე ზომის საქალაქო ავტომობილების შექმნითაა ცნობილი. Fiat-ის რიგებიდან ამ რეიტინგში შედარებით მცირე ზომის საქალაქო ჰეჩბეკი, Fiat Panda მოხვდა, რომლის საწყისი ფასი 14,000 ევროა. ეს ავტომობილი კომპაქტური, მაგრამ ტევადია და თან მცირე ძრავებით იწარმოება, რაც საწვავის დაბალ წვას და შესაბამისად, ბიუჯეტურობას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის ბაზრისთვის განკუთვნილი იაფიანი ავტომობილების ჩამონათვალში გერმანული ავტოწარმოების ლიდერი - Volkswagen მოხვდა. ამ რეიტინგში მცირე ზომის საქალაქო ავტომობილი Volkswagen up ლიდერობს, რომელსაც ევროპულ გზებზე 2011 წლიდან ვხვდებით. აპი მცირე ზომის საქალაქო ავტომობილია, რომელიც კომპაქტურობით და გერმანული ბრენდის ხარისხით და სანდოობით გამოირჩევა. ჰეჩბეკის ტიპის ეს ავტომობილი მცირე მოცულობის ძრავებითაა აღჭურვილი, ხოლო მისი საწყისი ფასი 14,500 ევროა.

ამ რეიტინგში, სადაც სუბსიდირებული ევროპული ავტომობილები დომინირებენ, ასევე მოხვდა იაპონური Suzuki, რომელიც ევროკავშირში 15,500 ევროდ შეფასებულ Suzuki Swift ყიდის. Suzuki Swift, ისევე, როგორც ფაქტობრივად ყველა სხვა ბიუჯეტური ავტომობილი კომპაქტური საქალაქო ჰეჩბეკია, რომელიც სპორტული დიზაინით და მართვის მოქნილი სისტემით გამოირჩევა. Swift იაპონური ავტომობილია, რაც მომხმარებლის გონებაში გამძლეობაზე, სანდოობასა და დაბალ დანახარჯებზე მიუთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები