მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე იაფი/ძვირი ვალუტები მსოფლიოში

ვალუტები

1 ამერიკული დოლარი დღეს 42 037 ირანული რიალის ეკვივალენტია და ეს მოცემულობა ამ უკანასკნელს მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად ღირებულ ვალუტად აქცევს. ირანის ოფიციალური ვალუტის ასეთი გაუფასურება ძირითადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არეულობასა, სანქციებსა და ირან-ერაყის ომს უკავშირდება.

მსოფლიოში მეორე ყველაზე იაფფასიანი ვალუტა ვიეტნამური დონგია, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან დევალვაციას განიცდის. ამჟამად 1 დოლარი 24 535 დონგის ეკვივალენტია. ვიეტნამი ისტორიულად მუდამ ცენტრალიზებული ეკონომიკის პირობებში არსებობდა და მიუხედავად საბაზრო ეკონომიკაზე გადაწყობის მცდელობებისა, როგორც ჩანს, წინ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი.

რეიტინგში მესამე ადგილზე ლაოსის ეროვნული ვალუტა ხვდება. 1 დოლარი ამჟამად 20 839 ლაოსურ კიპად ივაჭრება. აღსანიშნავია, რომ 1952, ანუ შექმნის დროიდან, ლაოსური კიპის ღირებულება მუდმივად დაბალი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ღირებულების თანდათან ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

უკიდურეს სიღარიბეში მყოფი აფრიკული ქვეყნის, სიერა-ლეონეს ეროვნული ვალუტა მსოფლიოში მეოთხე ყველაზე ნაკლებად ღირებულია. ქვეყანაში არსებულმა კორუფციამ, სკანდალებმა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ომმა და ასევე საკმაოდ მძიმე სამოქალაქო ომმა ცხადია თავის კვალი როგორც ვალუტის ღირებულებაზე, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე დატოვა და მათი მნიშვნელოვნად შემცირება განაპირობა. 1 ამერიკული დოლარის საყიდლად ამჟამად 19 750 სიერა-ლეონეს ლეონეა საჭიროა.

მსოფლიოში ყველაზე იაფფასიან ვალუტებს შორის ხვდება ინდონეზიური რუპიაც, რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში სტაგნაციაშია და არანაირად არ უმჯობესდება. მისი გაუფასურება სხვადასხვა ფაქტორებს უკავშირდება, მათ შორის: სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვნად შემცირებასა და საქონლის ექსპორტზე ქვეყნის მძლავრ დამოკიდებულებას. გარდა ამისა, ქვეყანაში საქონლის ფასების კლებამ ვალუტის ღირებულების შემცირებას ხელი კიდევ უფრო შეუწყო. 1 დოლარის ღირებულება ამჟამად 15 635 ინდონეზიური რუპიაა.

რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ვალუტებს, მათ შორის ლიდერი ქუვეითური დინარია, რომელიც 3.25 ამერიკული დოლარი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ქუვეითური დინარის ღირებულება ყველა სხვა ვალუტასთან შედარებით მაღალია, მასზე როგორც მსოფლიოში ნომერ პირველ ვალუტაზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან ქუვეითი პატარა ქვეყანაა, ქვეყნის შიგნით ვალუტას არ აქვს დიდი ბაზარი, ხოლო ქვეყნის გარეთ, მისი გამოყენების ინტერესი მცირეა.

ბაჰრეინის ოფიციალური ვალუტა, ბაჰრეინული დინარი მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ვალუტაა, რომელიც 1965 წლიდან მოქმედებს და ძირითადად ნავთობის სავაჭრო ოპერაციებისთვის გამოიყენება. 1 ბაჰრეინული დინარი 2.65 დოლარის ეკვივალენტია.

ყველაზე ძვირად ღირებულ ვალუტებს შორის მესამე ადგილს ომანის რიალი იკავებს, რომელიც 1973 წლიდან ომანის ეროვნული ვალუტაა. ომანი ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგების მქონე განვითარებადი ეკონომიკაა, მისი რიალი კი, ბაჰრეინული დინარის მსგავსად სწორედ ნავთობით ვაჭრობისთვის გამოიყენება. 1 რიალი 2 დოლარად და 60 ცენტად ფასობს.

მსოფლიოში 5 ყველაზე ძვირად ღირებულ ვალუტას შორის ასევე იორდანული დინარი ხვდება, რომელიც 1 დოლარად და 41 ცენტად ივაჭრება. ხოლო რეიტინგს გიბრალტარული ფუნტი ხურავს, რომელიც 1 დოლარისა და 26 ცენტის ეკვივალენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები