მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგი - რომელ ადგილზეა საქართველო?

რეიტინგი

“ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში მსოფლიოს 132 ქვეყნის ინოვატორული დონეა შეფასებული.

აღნიშნული ქვეყნები 80-მდე ინდიკატორით შეფასდნენ, რომლებიც 7 კატეგორიაში ნაწილდება, ესენია:

  • ცოდნა და ტექნოლოგიური პროდუქცია
  • ადამიანური კაპიტალი და კვლევა
  • ბიზნესის დახვეწილობა
  • ბაზრის დახვეწილობა
  • კრეატიულობა
  • ინფრასტრუქტურა
  • ინსტიტუტები

თითოეული ქვეყნის საბოლოო ქულა კი ამ კატეგორიებში მიღებული შეფასებათა ჯამით დგინდება.

ინდექსის თანახმად, ზედიზედ მეცამეტე წელია, ყველაზე ინოვაციურ ქვეყნად შვეიცარია სახელდება, რომელიც მაქსიმალური 100-დან 67.6 ქულითაა შეფასებული. სხვა გადამწყვეტ ფაქტორებთან ერთად, მისი პოზიცია ბიზნესის კეთების პოლიტიკითა და პატენტის რეგისტრაციის მასშტაბებით განისაზღვრება. ინდექსს შეუფასებელი არ დარჩენია შვეიცარიის მაღალი კლასის კვლევითი ინსტიტუტები და კვალიფიციური სამუშაო ძალაც.

რეიტინგის მეორე ადგილზე წელს ამერიკის შეერთებული შტატები შვედეთმა 64.2 ქულით ჩაანაცვლა - ბიზნეს დახვეწილობით, დასაქმების დონითა და მკვლევრების რაოდენობით ქვეყანამ უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.

მართალია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეიტინგში მესამე ადგილი 63.5 ქულით დაიკავა, ქვეყანამ დაგროვებული ვენჩურული კაპიტალით, კოოპერაციული კვლევებითა და ინვესტორების რაოდენობით უმაღლესი შეფასებები მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ გლობალურად მილიარდ დოლარად შეფასებული 1206 სტარტაპიდან 54% - ამერიკულია.

რაც შეეხება ინოვაციური ქვეყნების TOP 10-ს, მეოთხე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს, რომელსაც სინგაპური, ფინეთი და ნიდერლანდები მოსდევს. გერმანია, დანია და სამხრეთ კორეა კი რეიტინგის მერვე, მეცხრე და მეათე ადგილს 58 ქულით ინაწილებენ.

შეფასებულ 132 ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა, რომელიც 29.9 ქულით რეიტინგის 65-ე ადგილს იკავებს.

საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება - 70.6 ქულა - ინსტიტუციების კატეგორიაში დააგროვა და 25-ე პოზიციაც დაიმსახურა. ანგარიშის თანახმად, მაღალი ქულით შეფასებულია ქართული ბიზნეს გარემო და მარეგულირებელი უწყებები. რაც შეეხება სხვა კატეგორიებს - ქართული ადამიანური კაპიტალი 30.2 ქულით შეფასდა, ინფრასტრუქტურა 36.2 ქულით, ბიზნესის დახვეწილობა - 29.4 ქულით, ცოდნა და ტექნოლოგიები - 21.4 ქულით, ხოლო ყველაზე დაბალი შეფასება - 18.8 ქულა - კრეატიულმა წარმოებამ დაიმსახურა.

გლობალური რეიტინგის ბოლო ადგილებს - ყველაზე ნაკლებად ინოვაციური ქვეყნების ხუთეულს - გვინეა, მალი, ბურუნდი, ნიგერი და ანგოლა იკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები