ამა თუ იმ ქვეყნის წარმატების გასაზომად ეკონომისტები, ფინანსისტები და მკვლევრები მრავალ მეტრიკას იყენებენ, მათ შორის მთლიან შიდა პროდუქტს, უმუშევრობის დონეს, საშუალო და მედიანურ ხელფასს და ჯინის კოეფიციენტს. თუმცა ბოლო წლებში, ერთ-ერთ საინტერესო საზომად - ინოვაციურობა იქცა, რომელიც აღნიშნავს, თუ რა გზებით და რამდენად ეფექტიანად უმკლავდება ქვეყანა ამა თუ იმ გამოწვევებს და რა დოზით იყენებს ის ახალ ტექნოლოგიებს.
ინოვაციურობის გაზომვის კუთხით ერთ-ერთი საინტერესო დაწესებულება - “ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციაა”, რომელიც, ინოვაციების გლობალურ ინდექსს აქვეყნებს, თანაც ყოველწლიურად. აღნიშნული ინდექსი მრავალპროფილურია და ისეთ კატეგორიებს მოიცავს, როგორიცაა ახალი ტექნოლოგიების მიმართ გახსნილობა, ელექტრიფიკაციის დონე, განახლებადი ენერგიის როლი და ღირებულება, კვლევისა და განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა და მეცნიერების ზოგადი დონე.
2023 წლის ინდექსში, საქართველომ 65-ე ადგილი დაიკავა, რაც რეგიონის ქვეყნებს თუ შევხედავთ, დამაკმაყოფილებელი შედეგია და 9-ადგილიან გაუმჯობესებას წარმოადგენს 2022 წლის ინდექსთან შედარებით. რეგიონის ქვეყნებს შორის, აღნიშნულ რეიტინგში, საქართველოს მხოლოდ თურქეთი და რუსეთის ფედერაცია უსწრებს, რომლებიც 39-ე და 51-ე ადგილებს დასჯერდნენ. საქართველო ასევე ჩამორჩება “ასოცირებული ტრიოს” სხვა სახელმწიფოებს - უკრაინასა და მოლდოვას, რომელთაც 55-ე და მე-60 ადგილები დაიკავეს.
საქართველოს სამხრეთი მეზობლები - სომხეთი და აზერბაიჯანი კი, ინოვაციების კუთხით, რეიტინგში შედარებით დაბლა არიან და 72-ე და 89-ე ადგილები დაიკავეს. აზერბაიჯანზე ოდნავ მაღალი ქულა ცენტრალური აზიის ორმა სახელმწიფომ - ყაზახეთმა და უზბეკეთმა მიიღეს, რომლებიც ინოვაციების გლობალური ინდექსში 81-ე და 82-ე ადგილზე აღმოჩნდნენ.
საქართველოს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ჯამური ქულა რამდენიმე ფაქტორითაა გამოთვლილი, მათ შორისაა: სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა, ადამიანური კაპიტალი და კვლევა, ინფრასტრუქტურა, ბაზრის განვითარების დონე, ბიზნესის განვითარების დონე, ტექნოლოგიური ცოდნა და კრეატიულობა.
ზემოჩამოთვლილ კატეგორიებს შორის, ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ინსტიტუტების კუთხით ერგო - ამ მხრივ, საქართველო 25-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში და ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ისრაელი, ბელგია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და უნგრეთი.
საინტერესოა, რომ ინსტიტუტების კატეგორია, თავის წილ, სამ ნაწილადაა დაყოფილი, ესენია - ინსტიტუციური გარემო, საკანონმდებლო გარემო და ბიზნესგარემო. ამ სამ კატეგორიას შორის ყველაზე მაღალი ქულა საქართველოს ბიზნესგარემოს კუთხით ერგო, საუბარია 81.5 ქულაზე, რომლითაც საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებს. ამ კატეგორიის ქვეკატეგორიაში კი, რომელიც ანტრეპრენიორობის პოლიტიკას და კულტურას გულისხმობს, საქართველომ საერთოდ 92.4 ქულა მიიღო და მსოფლიოში მე-2 ადგილი დაიკავა.
ყველაზე ცუდი შედეგი კი, საქართველომ ინფრასტრუქტურის კუთხით დააფიქსირა და 80-ე ადგილს დასჯერდა. ამ მხრივ, ცხადია, საქართველოს განვითარებული დასავლური და აზიური სახელმწიფოები უსწრებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველო რეიტინგში მაინც უფრო მაღლა აღმოჩნდა, ვიდრე, მაგალითად, ფილიპინები, ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
საქართველომ საინტერესო შედეგი დააფიქსირა ბიზნესის განვითარების კუთხით, სადაც 58-ე ადგილს დასჯერდა და მე-3 კვარტალში მოხვდა. ამ მხრივ, საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა კატარი, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მექსიკა, მოლდოვა და ინდონეზია.