მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Casio-მ შექმნა რობოტი, რომლის დანიშნულება ჩახუტებაა

Casio Moflin

საათების მწარმოებელმა გიგანტმა, იაპონურმა Casio-მ წარმოადგინა რობოტი, რომლის მთავარი ფუნქცია - ჩახუტებაა. რობოტს Moflin-ი ჰქვია და ყველაზე მეტად ის ზღვის გოჭს ჰგავს. როგორც იაპონურ კომპანიაში ამბობენ, რობოტის დანიშნულება კომპანიონობა და მარტოსული ადამიანისთვის გულის გათბობაა, რაც იაპონიაში, ბოლო დროს, შეიძლება ითქვას, ეპიდემიად იქცა. რობოტი ჭკვიანია და დროთა განმავლობაში, მფლობელის გაცნობა და კონკრეტული მოძრაობებით და ხმებით მასთან კავშირის დამყარება შეუძლია.

მარტოსულობა იაპონიისთვის იმდენად დიდი პრობლემაა, რომ ამ ფენომენს სახელიც კი აქვს - “ჰიკიკომორი”. აი, სწორედ ასე უწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და თვეების ან წლების განმავლობაში საკუთარ თავთან რჩებიან. 2022 წლის კვლევის თანახმად, ჰიკიკომორი 1.5 მილიონ იაპონელს აწუხებს. იაპონიაში ასევე მაღალია თვითმკვლელობების შემთხვევები, ხოლო მარტოსულობით გამოწვეული სიკვდილისგან, იგივე “კუდოკუშისგან”, იაპონიაში ყოველწლიურად 5,000 ადამიანი კვდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ იაპონია მოსახლეობის დაბერების პრობლემის წინაშე დგას. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი სულ მცირე 65 წლისაა და იაპონური სოციალური ნორმებიდან და კულტურიდან გამომდინარე, ბევრი მათგანი მარტო ცხოვრობს. შესაბამისად, ამ ადამიანებში ხშირია, როგორც მარტოსულობა, ასევე მარტოსულობით გამოწვეული ყველასთვის შეუმჩნეველი სიკვდილი. ამგვარად, გასაკვირი არ არის, რომ Moflin-ის მსგავსი რობოტი პირველად სწორედ იაპონიაში გამოჩნდა, რადგან ბიზნესის კუთხით, ამ ტიპის მოწყობილობისთვის ამომავალი მზის ქვეყანა საუკეთესო ბაზრად შეიძლება ჩაითვალოს.

იაპონური კომპანიის უახლესი პროდუქტი, ისევე, როგორც ფაქტობრივად ყველა მოწყობილობა, რომელიც ბოლო პერიოდში ბაზარზე გამოდის, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ეფუძნება. ამ შემთხვევაში, AI-ის გამოყენებით რობოტი მფლობელის ხმას და მოძრაობებს შეისწავლის. თუმცა საინტერესოა, რომ ბეწვიან რობოტს საკუთარი ხასიათიც აქვს, რომელიც ადამიანთან ინტერაქციის ხარისხის და სიხშირის საფუძველზე იცვლება. თუ ადამიანი რობოტთან საკმარის დროს ატარებს, ის ბედნიერი, თბილი და მშვიდი იქნება, მაგრამ თუ ყურადღება მოაკლდა, შეიძლება დაისტრესოს და მოწყენილი გახდეს.

Moflin-ის ხასიათის ცვლილება ფიზიკურ ქმედებებში არ აისახება, ხოლო მისი სულიერი მდგომარეობის გაგება სმარტფონის აპლიკაციიდან შეიძლება, რაც დაახლოებით ისაა, რაც თავის დროზე Tamagotchi-ი იყო - მცირე ზომის ციფრული კომპანიონი, რომელმაც 90-იანი წლების ბავშვებს ემპათია და ზრუნვა ასწავლა. აპლიკაციიდანვე შეიძლება Moflin-ის ხმის დონის განსაზღვრა, ხოლო დამუხტვისთვის რობოტს შესაბამისი ზომის საწოლი მოჰყვება, რომლითაც რობოტი იმუხტება. ამ პროცესს სამ-ნახევარი საათი სჭირდება, ხოლო ელემენტების სრული დამუხტვით, Moflin-ი ხუთ საათს ძლებს.

თავდაპირველად, Moflin-ზე იაპონური სტარტაპი, Vanguard Industries-ი მუშაობდა, მაგრამ ახლა წარმოება საათების მწარმოებელმა გიგანტმა გადაიბარა. რობოტის წინასწარი გაყიდვა უკვე დაიწყო და ის $400 ღირს. უშუალოდ რობოტის გარდა, მომხმარებელს Moflin-ის კლუბში გაწევრიანება შეუძლია, რაც ერთგვარი დაზღვევის სერვისია, რომელიც თვეში $45 ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები