საათების მწარმოებელმა გიგანტმა, იაპონურმა CASIO-მ, რომელიც, უმეტესწილად, იაფიანი, მაგრამ ხარისხიანი და გამძლე მაჯის საათებით არის ცნობილი, პირველი ციფრული საათის შექმნიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომლის პატივსაცემად მაჯის საათის ფორმის ჭკვიანი ბეჭედი შექმნა. საათი, კოდური სახელწოდებით CRW-001-1JR, პირველად იაპონიის ბაზარზე გამოჩდება და ის $128 ეღირება.
CASIO-ს მიერ შექმნილი ჭკვიანი ბეჭედი ზომაში დაახლოებით სამი სანტიმეტრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, იაპონელმა ინჟინრებმა ბეჭედში 6-ნაწილიანი LCD-ეკრანი მოათავსეს, რომელიც საათებს, წუთებს და წამებს გამოხატავს. ბეჭედზე ასევე ვხვდებით სამ ფუნქციურ ღილაკს, რომელთა დახმარებით მომხმარებელს შეუძლია, როგორც თარიღის ჩვენება და დროის სარტყლის ცვლილება, ასევე წამზომის ჩართვა. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს საათის დისპლეის განათება და მაღვიძარას დაყენება შეუძლია.
კონკრეტულად ეს ბეჭედი უჟანგავი ფოლადისგან შემდგარ ერთიან კონსტრუქციას წარმოადგენს, რომლის დიამეტრი 20.1 მილიმეტრის ტოლია. გამომდინარე იქიდან, რომ ბეჭდის დიამეტრის შემცირება არ შეიძლება, საათთან ერთად, მომხმარებლები სპეციალურ ბალიშებს მიიღებენ, რომელიც ბეჭდის მორგებაში დაეხმარებათ. თუკი მომხმარებლის თითის დიამეტრი უფრო დიდია, ის CASIO-ს ამ ჭკვიანი ბეჭდის გამოყენებას უბრალოდ ვერ შეძლებს. ამ მხრივ, CASIO-ზე უფრო პრაგმატული TIMEX-ი აღმოჩნდა, რომელმაც მსგავსი ბეჭედი წელვადი სამაჯურით აღჭურვა.
აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად CASIO-ზე, რომელიც საათების ენთუზიასტების ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია. იაპონური კომპანია, მართალია, ძვირად ღირებულ საათებს არ აწარმოებს, მაგრამ ერთი ფაქტორი, რომელშიც ეჭვი არავის ეპარება — CASIO-ს დროში გამოცდილი მაღალი ხარისხი და გამძლეობაა. 1957 წელს, იაპონიაში დაფუძნებული კომპანია აწარმოებს არამხოლოდ საათებს, არამედ კალკულატორებს და სხვა მცირე ზომის ელექტრონულ მოწყობილობებს. რეალურად, CASIO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საათი, სწორედ საათის და კალკულატორის კომბინაციას წარმოადგენს. ამასთან, იაპონური კომპანიის სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული ულტრაგამძლე საათების ბრენდთან, G-Shock-თან, რომელიც CASIO-მ 1983 წელს შექმნა.