მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CASIO-მ PAC-MAN-ის მაჯის საათების კოლექცია გამოუშვა

CASIO / PAC-MAN

საათების მწარმოებელმა გიგანტმა, იაპონურმა CASIO-მ, რომელიც, უმეტესწილად, იაფიანი, მაგრამ ხარისხიანი და გამძლე მაჯის საათებით არის ცნობილი, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოთამაშთან, Pac-Man-თან კოლაბორაციით საათების კოლექცია გამოუშვა. იაპონური კომპანიის კოლაბორაციის ფარგლებში ბაზარზე ოთხი ახალი, მაგრამ მაჯის საათების ენთუზიასტებისთვის ნაცნობი დიზაინის მქონე მოდელი გამოჩნდება. ორი იაპონური ბრენდის კოლაბორაცია სიმბოლურიცაა, რადგან CASIO დაფუძნებიდან 50 წლის იუბილეს ზეიმობს, ხოლო PAC-MAN-ის შექმნიდან 45 წელიწადი გავიდა.

საათების შედარებით მარტივი მოდელები, რომლებიც უჟანგავი ფოლადის და რეზინის სამაჯურებით არის ხელმისაწვდომი — და შესაბამისად $299 და $149 ღირს — PAC-MAN-ის ფერებში, კერძოდ ყვითელში, მწვანეში და იასამნისფერში არის გადაწყვეტილი, ხოლო ვიდეოთამაშის მნიშვნელოვანი ელემენტები, მათ შორის ხმა “WAKA WAKA”, რომელსაც PAC-MAN-ი ორცხობილების ჭამის დროს გამოყოფს, სამაჯურზე არის ამოტვიფრული. საათის უკანა მხარეს კი თავად მთავარ გმირს და ვიდეოთმაშის ლოგოს ვხედავთ.

საათების მწარმოებელი იაპონური კომპანიის მიერ წარმოდგენილ ახალ კოლექციაში შედარებით უფრო დიდ და მეტად ჭკვიან, ანუ მეტად ფუნქციურ ორ მოდელსაც ვხვდებით. უჟანგავი ფოლადის სამაჯურით აღჭურვილი შავი მოდელი, რომელიც PAC-MAN-ის თავდაპირველ შავ-თეთრ დიზაინს იმეორებს, Bluetooth-ითაა აღჭურვილი. ამ ფუნქციონალის დახმარებით, ციფრული საათის დაკავშირება სმარტფონთან შეიძლება, რაც დროის გასწორების და სხვადასხვა ფუნქციონალის, მათ შორის ნაბიჯების მთვლელის გააქტიურებას ამარტივებს. ეს საათი, რომელიც ასევე ბრენდირებული შეფუთვით მოდის — $149 ღირს.

PAC-MAN-თან კოლაბორაციით შექმნილ კოლექციაში კიდევ ერთ საათს ვხვდებით, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოდ და, რაც მთავარია, ვიდეოთამაშის მსგავსად გამოიყურება. ამ მხრივ, CASIO-ს ლეგენდარულ კალკულატორიან საათს ვგულისხმობთ, რომელიც იაპონური მესაათის ერთ-ერთი საკულტო მოდელია. თავად საათი ყვითელი ფერისაა, სამაჯური კი შავი, ხოლო კალკულატორის ნაწილზე PAC-MAN-ის თამაშისთვის ნაცნობი ლაბირინთი არის გამოსახული. ამ საათზე, ისევე, როგორც ყველა სხვაზე, PAC-MAN-ის ფრაზები და ლოგოები არის ამოტვიფრული. CASIO-ს ახალი კალკულატორიანი სათვალე $169 ღირს.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად CASIO-ზე, რომელიც საათების ენთუზიასტების ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია. იაპონური კომპანია, მართალია, ძვირად ღირებულ საათებს არ აწარმოებს, მაგრამ ერთი ფაქტორი, რომელშიც ეჭვი არავის ეპარება — CASIO-ს დროში გამოცდილი მაღალი ხარისხი და გამძლეობაა. 1957 წელს, იაპონიაში დაფუძნებული კომპანია აწარმოებს არამხოლოდ საათებს, არამედ კალკულატორებს და სხვა მცირე ზომის ელექტრონულ მოწყობილობებს. რეალურად, CASIO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საათი, სწორედ საათის და კალკულატორის კომბინაციას წარმოადგენს. ამასთან, იაპონური კომპანიის სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული ულტრაგამძლე საათების ბრენდთან, G-Shock-თან, რომელიც CASIO-მ 1983 წელს შექმნა.

იქვე, სადაც CASIO-ზე ვისაუბრეთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ PAC-MAN-იც, რომელიც იაპონელმა დეველოპერმა, ტორუ ივატანიმ 1980 წელს დღეს Bandai Namco Entertainment-ის სახელით ცნობილი კომპანიისთვის შექმნა. თავდაპირველად, ეს ვიდეოთამაში იაპონიაში გაეშვა, სადაც მას Puck Man-ი ერქვა, მაგრამ აშშ-ში გაფართოებისთვის კომპანიამ ჩვენთვის ნაცნობი სახელი შეარჩია. ამერიკის ბაზარზე მოხვედრის შემდეგ, PAC-MAN-ი მყისიერად იქცა ბაზრის ლიდერად. რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში 400,000-ზე მეტი აპარატი იდგა, ხოლო თავად კომპანიამ ორ წელიწადში $1 მილიარდის პროდუქცია გაყიდა. დღესაც კი, PAC-MAN-ი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოთამაშად ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები