მსოფლიოს წამყვანი საძიებო სისტემის, Google-ის შემქმნელი კომპანია, მართალია, უმტესწილად, სწორედ ამ პროდუქტით არის ცნობილი, მაგრამ რეალურად, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ დაფუძნებული ეს ჰოლდინგი ფაქტობრივად ყველა ტექნოლოგიურ მიმართულებას აერთიანებს, მათ ზღვებსა და ოკეანეებში ინტერნეტის კაბელების გაყვანას. გამომდინარე იქიდან, რომ Google-ის ციფრული სერვისებისა და დატაცენტრების მუშაობის უწყვეტობა კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამერიკული გიგანტი მილიარდობით დოლარს ხარჯავს იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რომელმაც ამ უწყვეტობას უზრუნველყოფს.
აი, სწორედ ამ თანრიგის იდეას მიეკუთვნება Google-ის ახალი მეგაპროექტი, სახელწოდებით Umoja, რომლითაც ამერიკული კომპანია აფრიკასა და ავსტრალიას ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დააკავშირებს. პროექტის სახელწოდება შემთხვევით არ არის შერჩეული, რადგან umoja სუაჰილი სიტყვაა, რომელიც ერთობა ნიშნავს, ხოლო ერთობა და გაერთიანება ის მიზანია, რომლის მიღწევა Google-ს ამ პროექტით სურს. ინტერნეტის კაბელი სათავეს კენიაში აიღებს და უგანდას, რუანდას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ზამბიას, ზიმბაბვეს და სამხრეთ ადფიკას გაივლის, ხოლო შემდეგ ინდოეთის ოკეანის ფსკერზე დაეშვება და ავსტრალიამდე მივა. როგორც Google-ში ამბობენ, ინტერნეტის ახალი კაბელი Google-ის მიერ ამ დრომდე გაყვანილ სხვა კაბელს დაუკავშირდება, 15,000-კილომეტრიან Equiano-ს დაუკავშირდება, რომელიც პორტუგალიაში იღებს სათავეს და რამდენიმე ქვეყნის გავლით სამხრეთ აფრიკამდე მოდის.
ყველა ქვეყანა, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობს, ცხადია, უბრალო გამტარი არ იქნება და Google-ის პროექტისგან პირდაპირ სარგებელს მიიღებს, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მოწყობისა და მისი მომდევნო დაქსელვის კუთხით, რაც აფრიკულ სახელმწიფოებში ინტერნეტიზაციის დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის. ინტერნეტიზაცია კი, როგორც ცნობილია, დადებითად აისახება, როგორც დაკავშირების ხარისხზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე, რაც ნებისმიერი ქვეყნებს მდგრადი განვითარების წინაპირობაა.
საერთო ჯამში, მსოფლიოს ოკეანეებსა და ზღვებში 570-ზე მეტი აქტიური და დაგეგმილი წყალქვეშა კაბელი არის გაყვანილი და ორ მათგანს საქართველოში ვხვდებით, ესენია 2000 წელს გაყვანილი 433-კილომეტრიანი კაბელი, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს და 2008 წელს გაყვანილი 1,200-კილომეტრიანი კაბელი, რომელიც საქართველოს ბულგარეთთან აკავშირებს.