მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილური ქსელების აბონენტების რა ნაწილს აქვს 5G-ზე წვდომა საქართველოში? - Cellfie Mobile-ის განმარტება

5G სმარტფონი
სტატიაში საუბარია:

5G-ინტერნეტის გამოყენება საქართველოში უკვე შესაძლებელია - ეს სერვისი გუდაურსა და ბაკურიანში “სელფი მობაილმა” დანერგმა, რომელმაც შესაბამისი ლიცენზია კომუნიკაციების კომისიისგან შეიძინა. წინა თაობის მობილურ ინტერნეტთან შედარებით, 5G-ინტერნეტი უფრო სწრაფია, ხოლო მისი დაყოვნება ნაკლებია, მაგრამ იმისთვის, რომ მომხმარებელმა 5G-ინტერნეტის მიღება შეძლოს, მის სმარტფონს 5G-კოდეკი უნდა ჰქონდეს. გამომდინარე იქიდან, რომ 5G-ინტერნეტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სიახლეს აღარ წარმოადგენს, ახალი თაობის სმარტფონების უმეტესობა 5G-კოდეკით არის აღჭურვილი, მაგრამ საქართველოში ჯერაც დიდია იმ სმარტფონების კონცენტრაცია, რომელთაც 5G-ის მიღება არ შეუძლიათ.

როგორც “სელფი მობაილის” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ბერიშვილმა TECH INFORM-ში განაცხადა, ამ დროისთვის, 5G-სიგნალის მიღება საქართველოში არსებული ყოველი ხუთი სმარტფონიდან ერთს შეუძლია.

“ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რომლის გამო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში 5G-ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით ყოყმანობენ - იმ მოწყობილობების მცირე რაოდენობაა, რომელსაც 5G-სიგნალის მიღება შეუძლია. ჩვენთანაც ასეა - დღეს, ამ სიგნალის მიღება ქართულ ქსელში არსებული მოწყობილობების დაახლოებით 20%-ს შეუძლია. ეს დიდი რიცხვი ნამდვილად არ არის, მაგრამ თითქმის ყველა ახალ მოწყობილობას, რომელიც ბაზარზე დღეს გამოდის, 5G-ინტერნეტის მიღების შესაძლებლობა აქვს და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მაჩვენებელი სწრაფად გაიზრდება”, - განაცხადა ვასილ ბერიშვილმა TECH INFORM-ში.

შეგახსენებთ, რომ 5G-ინტერნეტს “სელფი მობაილი” საქართველოში ფინური ტექნოლოგიურ გიგანტთან, Nokia-სთან პარტნიორობით ნერგავს, რომელიც, თავის დროზე, სწორედ მობილური ტელეფონების გაყიდვით იყო ცნობილი და ერთ დროს, გლობალურ ლიდერადაც ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით, ამ ბაზრიდან გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები