მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიაში 16 წლამდე მოქალაქეებისთვის სოციალური ქსელები აიკრძალება

სოციალური ქსელები

ავსტრალიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლითაც 16 წლამდე მომხმარებლებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აიკრძალება — ასე, კანონმდებლებს ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის დაცვა სურთ. კანონპროექტს ქვეყანაში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის თავად სოციალური ქსელების მფლობელი ტექნოლოგიური კომპანიები, რომელთა აზრით ამ კანონის აღსრულება შეუძლებელია, რადგან რეგულაცია კომპანიებს მომხმარებლების ID ბარათების გადამოწმების საშუალებას არ აძლევს.

ახალ რეგულაციებთან მოსარგებად კომპანიებს თორმეტი თვე ექნებათ. ამ პერიოდში, სოციალურმა ქსელებმა უნდა შექმნან შესაბამისი პროტოკოლები, რომელთა დახმარებით 16 წლამდე მოქალაქეები ქსელებში რეგისტრაციას ვერ შეძლებენ. აღნიშნული მიდგომის მეტად გასამკაცრებლად, ავსტრალიელმა კანონმდებლებმა საინტერესო გზა მოიფიქრეს — თუკი მოქალაქეები კანონს დაარღვევენ, პასუხისმგებლობას დაეკისრებათ არა ბავშვებს და მათ მშობლებს, არამედ თავად კომპანიებს. დარღვევების შემთხვევაში, კომპანიებს დაახლოებით $32 მილიონით დააჯარიმებენ.

ავსტრალიის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში კონკრეტული კომპანიები არ არის მითითებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ ახალი რეგულაციის სამიზნე აუდიტორია Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და Snapchat-ი არიან. როგორც ირკვევა, საგანმანათლებლო პლატფორმები და მესინჯერები ამ კანონმდებლობის ქვეშ არ მოექცევიან, ანუ ეს რეგულაცია YouTube-ის და WhatsApp-ის მომხმარებლებს არ ეხებათ.

როგორც ირკვევა, ავსტრალიის პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეთა 77% უჭერს მხარს, რაც დასავლურ სამყაროში ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა. ამჟამად, მსგავს კანონმდებლობაზე ნორვეგიაში და შტატ ფლორიდაში მსჯელობენ. მსგავსი მიდგომა ასევე აქვთ საფრანგეთში, სადაც სოციალური ქსელის ანგარიშის გასახსნელად 15 წლამდე მოქალაქეს მშობლის თანხმობა სჭირდება.

ინტერნეტის გამოყენების შეზღუდვის ყველაზე რადიკალური გზა მაინც ჩინეთმა აირჩია, სადაც სახელმწიფომ დროითი ლიმიტები დააწესა: 8 წლამდე ბავშვებს ინტერნეტის გამოყენება დღეში 40 წუთით, 8-დან 15 წლამდე ბავშვებს ერთი საათით, ხოლო 16-დან 17 წლამდე ბავშვებს ორი საათით შეუძლიათ. ღამის ათი საათიდან დილის ექვს საათამდე ინტერნეტის გამოყენება საერთოდ იკრძალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები