მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, Instagram-ი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განვითარებას აგრძელებს. კომპანიამ AI Studio შექმნა - ხელსაწყო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მომხმარებლებსა და კომპანიებს საკუთარი თავის AI-მოდელების, ანუ საკუთარი თავის ციფრული ვერსიების შექმნის საშუალებას აძლევს.
თავდაპირველად, ადამიანები საკუთარი თავის ჩატბოტების შექმნას შეძლებენ, რომლებიც ადამიანებს მარტივ კითხვებზე უპასუხებენ, მაგრამ სხვადასხვა ტექნოლოგიების, მათ შორის შერეული რეალობის განვითარებასთან ერთად, ეს პრაქტიკა, შესაძლოა, კომპანიებისა და ინფლუენსერების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეს.
თავად იდეა მარტივია და ის მარკ ზაკერბერგმა რამდენიმე დღის წინ, Bloomberg Originals-თან ინტერვიუში დააანონსა. კომპანიას სურს, ინფლუენსერებს და კონტენტის შემქმნელებს უფრო დიდი აუდიტორია მისცეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების დრო ლიმიტირებული რესურსია, კონტენტის შექმნა, ისევე, როგორც მოხმარება - შეზღუდული პროცესია.
“ჩვენს პლატფორმებზე 200 მილიონამდე კრეატორია. თითოეულ მათგანს საკუთარი კომუნის შექმნა, ხოლო ადამიანებს მათთან ურთიერთობა სურთ, მაგრამ დღის განმავლობაში ამდენი საათი უბრალოდ არ არის. მინდა, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი თავის AI-მოდელის შექმნა შეეძლოს, რათა მას ის დაავალონ, რაც სურთ. ეს ერთგვარი არტისტული არტეფაქტი იქნება, რომელსაც საკუთარი კომუნას შესთავაზებენ - ასე, კომუნის წევრები მათთან ურთიერთობას შეძლებენ, ხოლო კრეატორებს ინტერაქციაზე კონტროლი ექნებათ. ეს შესანიშნავი იქნება! ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ასობით მილიონი ასეთი მოდელი იარსებებს”, - განაცხადა მარკ ზაკერბერგმა Bloomberg Originals-თან.
როგორც Instagram-ის ბლოგში ვკითხულობთ, ამ ეტაპზე, მომხმარებლებს საკუთარი თავის AI-მოდელების პერსონალიზაცია რამდენიმე პარამეტრით შეუძლიათ, მათ შორისაა მათ მიერ გაზიარებული კონტენტი; თემები, რომლებზეც ინფლუენსერს საუბარი არ სურს; და ბმულები, რომელთა გაზიარება ინფლუენსერის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. კონტენტ-კრეატორებს შეეძლებათ აირჩიონ, თუ რა ტიპის ინტერაქციები ექნება ხელოვნურ ინტელექტს მესიჯებსა და კომენტარებში და რომელ გვერდებთან შეუძლია მას ურთიერთობა.
ამგვარად, Instagram-ი თემატური ხელოვნური ინტელექტების ბაზარზე შედის, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე კომპანია ოპერირებს, მათ შორის Character.AI და Replika, რომელთა მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტები, ადამიანებს, ხშირად, პირდაპირი გაგებით უყვარდებათ. ეს დაახლოებით ისაა, რაც ამერიკელმა კინორეჟისორმა, სპაიკ ჯოუნზმა 2013 წლის ფილმში Her აღწერა, სადაც ხელოვნური ინტელექტის როლი - სკარლეტ იოჰანსონმა, ხელოვნურ ინტელექტზე უგონოდ შეყვარებული ადამიანის როლი კი - ხოაკინ ფენიქსმა შეასრულა.