ამერიკელი მსახიობი, სკარლეტ იოჰანსონი აცხადებს, რომ ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის დამფუძნებელმა, სემ ოლტმენმა ხელოვნური ინტელექტი მისი ხმით აალაპარაკა, რისთვისაც მსახიობისგან უარი მიიღო. აღნიშნული განცხადება მედიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც OpenAI-მ გასულ კვირას ამოქმედებული ახალი ხმოვანი ასისტენტი დროებით გათიშა, რადგან მომხმარებლების დიდმა ნაწილმა მიიჩნია, რომ მისი ხმა ძალიან ჰგავდა სკარლეტ იოჰანსონის ხმას ფილმიდან Her, სადაც ის, სხვათა შორის, სწორედ ხელოვნურ ინტელექტს თამაშობს.
მსახიობის თქმით, სემ ოლტმენი მას პირველად გასული წლის სექტემბერში დაუკავშირდა, ხოლო მეორედ მაისში, რამდენიმე დღით ადრე, სანამ OpenAI-მ ChatGPT-4o გამოუშვა, მაგრამ როგორც იოჰანსონი ამბობს, ანტერპრენიორის ამ შემოთავაზებაზე პირადი მიზეზების გამო უარი განაცხადა. მოგვიანებით, საკითხს თავად სემ ოლტმენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხმა, რომელსაც ხმოვანი ასისტენტი Sky ეფუძნება, სხვა მსახიობს ეკუთვნის, რომელიც OpenAI-მ მანამ დაიქირავა, სანამ ოლტმენი იოჰანსონს დაუკავშირდებოდა. მსგავსი განცხადება OpenAI-ის მფლობელმა Microsoft-მაც გაავრცელა.
როგორ განვითარდება ეს დაპირისპირება, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ როგორც სკარლეტ იოჰანსონმა განაცხადა, მან იურისტები უკვე დაიქირავა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ მსახიობსა და OpenAI-ის შორის ამ ტიპის დავა მართლაც დაიწყო, ის აუცილებლად პრეცედენტული იქნება, მით უფრო, რომ ხელოვნებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემაა, რომლის გამოც, რამდენიმე თვის წინ, ფაქტობრივად მთელი ჰოლივუდი გაიფიცა.