ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ “ინოვაციის გლობალური ინდექსი” განაახლა. მიმდინარე წელს, ამ ინდექსში 133 ქვეყანა მოხვდა, რომელთა რეიტინგი შვიდი მნიშვნელოვანი პარამეტრით არის რანჟირებული, მათ შორისაა ცოდნა და ტექნოლოგიური შედეგები, ადამიანური კაპიტალი და კვლევა, კომპანიების კომპლექსურობა, ბაზრის კომპლექსურობა, შემოქმედებითობა, ინფრასტრუქტურა და ინსტიტუტები.
აღნიშნული ინდექსი ითვალისწინებს, როგორც ქვეყანაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ხარისხს და რაოდენობას, ასევე სტარტაპების მიერ მოზიდული ვენჩურული ინვესტიციების მოცულობას, საპატენტო განაცხადებს და ბიზნესის კეთების სიმარტივეს.
2024 წლის “ინოვაციის გლობალური ინდექსში” საქართველომ 57-ე ადგილი დაიკავა, რაც ნიშნავს, რომ ერთი წლის ჭრილში საქართველო რვა პოზიციით დაწინაურდა. ამგვარად, ინოვაციურობით საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, არგენტინა და კოსტა-რიკა. საინტერესოა, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონის ფაქტობრივად იმ ყველა ქვეყანასაც უსწრებს, რომელთაც, როგორც წესი საქართველოს ადარებენ. რეგიონის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს უსწრებს, თურქეთია. საქართველოსთან ყველაზე ახლოს ამ ინდექსში რუსეთის ფედერაციას და სომხეთს ვხვდებით, რომელთაც 59-ე და 63-ე ადგილები დაიკავეს. მოლდოვას 68-ე ადგილი ერგო, ყაზახეთს 78-ე, ხოლო უზბეკეთი, ალბანეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი და ყირგიზეთი 80-ეულის და 90-ეულის მიღმა აღმოჩნდნენ. საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის საქართველო მე-10, რეგიონის ჭრილში კი მე-7 ადგილს იკავებს.
წელს, ისევე, როგორც შარშან, ყველაზე მაღალი პოზიცია საქართველომ ინსტიტუტების კუთხით მიიღო. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, წელს, ამ კრიტერიუმით საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილს იკავებს, როცა შარშან, 25-ეულში შევდიოდით. საქართველოს ძლიერი მხარეებს შორის ასევე ვხვდებით კომპანიების და ბაზრის კომპლექსურობას და ადამიანურ კაპიტალს, ხოლო ინფრასტრუქტურის, შემოქმედებითობის, ცოდნისა და ტექნოლოგიური შედეგების კუთხით ქვეყანას უკეთესი შედეგის დაფიქსირება შეუძლია, რადგან ამ მიმართულებებით ის მესამე კვარტალში შედის. შარშანდელის შემდეგ, საქართველოს პოზიცია ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით გაუმჯობესდა.
მაშ, კონკრეტულად რა ინიციატივების დახმარებით დაწინაურდა საქართველო 2024 წლის “ინოვაციის გლობალური ინდექსში”?
ინსტიტუტების კუთხით, საქართველოს გამოკვეთილი ნაკლი არ აქვს, ხოლო ქვეყნის სიძლიერედ ბიზნესგარემო და კომერციული საკანონმდებლო ჩარჩოს სტაბილურობა არის დასახელებული. ადამიანური კაპიტალისა და კვლევის მიმართულებით, საქართველო თავს სკოლებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა თანაფარდობით და საუნივერსიტეტო განათლების გავრცელებით იწონებს, მაგრამ ნაკლოვანებებს შორის PISA-ს დაბალი შედეგები და უნივერსიტეტების დაბალი სარეიტინგო ქულები სახელდება. საქართველოს, როგორც ქვეყნის ძლიერ მხარეებს შორის ასევე ვხვდებით მწვანე ენერგიის წყაროების გამოყენების მაღალ მაჩვენებელს, FDI-ის პოზიტიურ მაჩვენებელს, ICT-ინდუსტრიის საგარეო ექსპორტის მაღალ წილობრივ მაჩვენებელს და სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდის სწრაფ ტემპს.
2024 წლის “ინოვაციის გლობალური ინდექსში” საქართველოს პროგრესი კიდევ რამდენიმე კრიტერიუმით არის შეფასებული. მკლევრების დათვლებით, საქართველოს შედეგი ქვეყნის განვითარების დონესთან მიმართებით სრულ თანხვედრაშია, მაგრამ კონკრეტულად ინოვაციების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა იმაზე ნაკლებად ეფექტიანია, ვიდრე ეს შედეგებით დასტურდება.
“ინოვაციის გლობალური ინდექსის” უახლესი რეიტინგის სათავეში უმეტესწილად განვითარებულ დასავლურ სახელმწიფოებს ვხვდებით, რაც გასაგებია, რადგან ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით მსოფლიოში სწორედ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და აზიის უმდიდრესი ქვეყნები ლიდერობენ. 2024 წელს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის რეიტინგის პირველი სამეული უცვლელად შენარჩუნდა, ანუ მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნების ჩამონათვალს კვლავ შვეიცარია, შვედეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობენ. პარალელურად, ხუთეულში მხოლოდ ერთ ცვლილებას ვხედავთ, რადგან სინგაპურმა და გაერთიანებულმა სამეფომ ადგილები გაცვალეს. მეექვსედან მეათე ადგილების ჩათვლით კი სამხრეთ კორეა, ფინეთი, ნიდერლანდები, გერმანია და დანია მოხვდნენ.
ინდექსის მეორე ბოლოში, უმეტესწილად, აფრიკის და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ვხვდებით, რომელთა განვითარების დონე, როგორც ეკონომიკურად, ასევე დემოკრატიულად და ინსტიტუციურად, ობიექტურად იმდენად დაბალია, რომ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება დღის წესრიგში ჯერაც არ დამდგარა. ამგვარად, ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ ამ ინდექსის ბოლო ადგილები ანგოლამ, ნიგერმა, მალიმ, ეთიოპიამ, ბურკინა-ფასომ და მოზამბიკმა დაიკავეს.