ფინანსურ დირექტორებს (CFO) ყოველდღიურად უწევთ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორებიცაა ფინანსური სტრატეგია და რისკების მართვა.
Terzo-სთან პარტნიორობით და აშშ-ის 50 უმსხვილეს კომპანიაზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა აშშ-ის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფინანსური დირექტორების რეიტინგი შეადგინა. მათი საათობრივი შემოსავალი ასახავს სრულ კომპენსაციას, რაც მოიცავს ხელფასს, ბონუსებს, აქციებს და სხვა ისეთ პუნქტებს, როგორიცაა საპენსიო შენატანები. მონაცემები კი 55-საათიანი სამუშაო კვირის დაშვებით ითვლება.
| კომპანია | CFO | საათობრივი კომპენსაცია |
|---|---|---|
| Tesla | ვაიბჰავ ტანეჯა | $48,767 |
| Alphabet | ანატ აშკენაზი | $13,462 |
| Microsoft | ემი ჰუდი | $10,308 |
| Amazon | ბრაიან ოლსავსკი | $8,992 |
| Cisco | სკოტ ჰერენი | $8,494 |
| Meta | სიუზან ლი | $8,259 |
| Netflix | სპენსერ ნოიმანი | $8,008 |
| NVIDIA | კოლეტ კრესი | $7,469 |
| Goldman Sachs | დენის კოულმენი | $7,370 |
| Apple | კევინ პარხი | $7,225 |
რეიტინგში საათობრივი ანაზღაურებით პირველ ადგილს Tesla-ს ფინანსური დირექტორი, ვაიბჰავ ტანეჯა იკავებს - საათში თითქმის 49,000 დოლარით. ეს შთამბეჭდავი ციფრი დიდწილად განპირობებულია აქციებისა და ოფციონების სახით მიღებული ერთჯერადი ჯილდოთი (139 მილიონ დოლარზე მეტი), რაც ტანეჯას ფინანსურ დირექტორად დაწინაურებას უკავშირდება.
მეორე ადგილზეა ანატ აშკენაზი, Alphabet-ისა და Google-ის ფინანსური დირექტორი. ის ამ თანამდებობაზე 2024 წლის 31 ივლისს დაინიშნა. აშკენაზის შეთანხმებული კომპენსაცია მოიცავდა თითქმის 39 მილიონი დოლარის ღირებულების აქციებსა და დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ოდენობის ერთჯერად ფულად ბონუსს დასაქმებისას (sign-on bonus).
აღსანიშნავია ისიც, რომ TOP 10-დან ცხრა ტექნოლოგიურ სფეროს წარმოადგენს, მათ შორის ე.წ. „დიდი შვიდეულის“ (Magnificent Seven) ყველა კომპანია. ანაზღაურების რეიტინგში ფინანსური მომსახურების სფეროდან ერთადერთი წარმომადგენელი Goldman Sachs-ის ფინანსური დირექტორია.



























