მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალი ნომინალის კუპიურები, რომლებიც დღემდე მიმოცვლაშია

ვალუტა

უმაღლესი ნომინალის კუპიურებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ გლობალურ ეკონომიკაში; ისინი ერთდროულად გამოხატავენ როგორც ეროვნულ სიძლიერეს, ასევე, ფინანსურ სირთულეებსაც. ასეთი კუპიურები იშვიათად გამოიცემა და უმეტესად მსხვილ გარიგებებში, ან ინფლაციური წნეხის დროს გამოიყენება. ყველაზე დიდი ნომინალის კუპიურების განხილვა გვაძლევს საშუალებას, შევიცნოთ არა მხოლოდ ქვეყნების მონეტარული პოლიტიკა, არამედ ეკონომიკური ნარატივები და პრაქტიკული ფაქტორებიც, რომლებიც მათ განსაზღვრავს.

მსოფლიოს მასშტაბით ნაღდი ფულის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ინტენსიურ ფაზაში შედის. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შემოღებას გლობალურ საფინანსო სისტემებზე გრძელვადიანი გავლენა, ექნება იმ ფონზე, რომ ციფრული ბანკინგი შეუჩერებელ ზრდას განიცდის, ციფრულ ვალუტას კი ახალი ფინანსური ეპოქის დაწყება შეუძლია, რასაც ნაღდი ფულის პოტენციური გაუქმება მოჰყვება.

დიდი ხნის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნომინალიანი ბანკნოტი მიმოქცევაში სინგაპურს ჰქონდა: $10 000 სინგაპურული დოლარი, როგორც წესი, მსხვილი ტრანზაქციებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შემცირების მიზნით, სინგაპურის სავალუტო ორგანომ 2014 წელს მისი ბეჭდვა შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი 10 000 დოლარიანი ბანკნოტები აღარ გამოიცემა, მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები გადახდის კანონიერ საშუალებად კვლავ რჩება.

სამაგიეროდ, 10 000-დოლარიანი კუპიურები დღემდე იბეჭდება ბრუნეიში. სინგაპურსა და ბრუნეის შორის ვალუტის ურთიერთშენაცვლების შეთანხმება არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სინგაპურული და ბრუნეული დოლარი თანაბარწონიანია და ორივე ქვეყანაში გამოიყენება. ეს უნიკალური შეთანხმება ბრუნეის საშუალებას აძლევს, კვლავ დაბეჭდოს 10 000 დოლარის ნომინალის ბანკნოტები, მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურში მისი ეკვივალენტი აღარ გამოიცემა. ბრუინეის ნავთობით მდიდარი ეკონომიკა ვალუტისთვის მყარ საფუძველს ქმნის და უზრუნველყოფს, რომ 10 000-დოლარიანი ბანკნოტები პრაქტიკულ საშუალებად დარჩეს მაღალი ღირებულების ტრანზაქციებისთვის.

სომხეთი, პატარა, მაგრამ ისტორიულად მდიდარი ქვეყანა, გამოსცემს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ღირებულების ბანკნოტს: 100 000 სომხური დრამის ნომინალის კუპიურას. ეს კუპიურა, ძირითადად, სომხური დრამის გაცვლის მაღალი კურსის გამო არსებობს, რომელიც დოლართან მიმართებით, დაახლოებით, 400 დრამს შეადგენს.

მაღალი ღირებულების ბანკნოტების მიმოქცევიდან ამოღების ტენდენციას ფეხი შვეიცარიამაც აუწყო და მხოლოდ 1000 შვეიცარიული ფრანკის ნომინალიანი კუპიურა დაიტოვა. ეს იისფერი ბანკნოტი არა მხოლოდ შვეიცარიული სიზუსტის სიმბოლოა, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტიც იმ ქვეყანაში, სადაც ნაღდი ფული ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება. მეტიც, შვეიცარიაში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის დაახლოებით ნახევარი, 50 მილიარდი ფრანკი, 1000-ფრანკიან კუპიურებშია განთავსებული.

1000-დოლარიანი კუპიურა კრიტიკულ როლს ასრულებს ჰონკონგის ეკონომიკაშიც. ამერიკულ დოლარზე მიბმული ჰონკონგური დოლარი საიმედო ვალუტაა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის. 1000 ჰონკონგური დოლარის კუპიურას კი მისი პოტენციალი გამოარჩევს:,ჰონკონგის ჩინეთთან ეკონომიკური სიახლოვის ზრდასთან ერთად, არსებობს ვარაუდი, რომ ვალუტა ამერიკული დოლარის ნაცვლად ჩინურ იუანს მიებმება, რაც მის ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ნაღდი ფულის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არაბთა გაერთიანებული საამიროებიც ხვდება. მიუხედავად ამისა, ცენტრალური ბანკი მაღალი ღირებულების ბანკნოტების გაუქმებაზე საერთოდ არ საუბრობს და 1000-დირჰემიან ბანკნოტებს ბეჭდავს.

საქართველოში ყველაზე მაღალი ნომინალის ბანკნოტი 200-ლარიანი კუპიურაა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში 2007 წლიდან შემოიღო. არსებობს 500-ლარის ნომინალის კუპიურაც, რომელიც პირველად 1995 წელს, უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით გამოიცა, მხოლოდ საკოლექციო მიზნებისთვის. ბანკნოტი ოფიციალურ სავაჭრო მიმოქცევაში არასდროს ჩაშვებულა, თუმცა დღემდე გამოიყენება საბანკო სისტემის შიდა ტრანზაქციებში. 500-ლარიან ბანკნოტზე დავით აღმაშენებელია გამოსახული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები